ნაკრესი: ბეჟან ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

Facebook/ Gavrilov Prisoners / გავრილოვის პატიმრები

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნაკრესის ცნობით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბიოლოგის, ბეჟან ლორთქიფანიძის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

9 აგვისტოს, 17:00 საათზე ნაკრესში პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო, თუმცა მოულოდნელად გაირკვა, რომ ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მის ადვოკატსა და ცოლს მისი მდგომარეობის გასარკვევათ წასვლა მოუწიათ

"ბეჟანთან და დანარჩენ დაკავებულებთან დაკავშირებული დღეს დაგეგმილი პრესკონფერენცია გადაიდო ორშაბათისთვის (12 აგვისტო). მიზეზი - შეგვატყობინეს, რომ მისი ჯანმრთელბის მდგომარეობა გაუარესდა. ამის გამო, ადვოკატს გიორგი გელხაურს და ბეჟანის მეუღლეს ეკა ჯაიანს მოუხდათ სასწრაფოდ წასვლა ბეჟანის მდგომარეობის გასარკვევად. ცოტა ხნის წინ შეგვატყობინეს, რომ ახლა მდგომარეობა სტაბილურია. ორშაბათის პრესკნფერენციის საათს მალევე შეგატყობინებთ. გმადლობთ თანადგომისთვის!" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ბეჟან ლორთქიფანიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. 

ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა, სასამართლო პროცესის დაწყების წინ მედიას უთხრა, რომ ის შუამდგომლობის დაყენებას აღკვეთის ღონისძიების დატოვების გარეშე აპირებდა, თუმცა თუკი მოსამართლე ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებდა, დაცვის მხარე მზად იყო, 10 000-ლარიანი გირაო გადაეხადა. ამასთან, გელხაურის თქმითვე, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე პირადი თავდებობა დააყენა, სადაც მისივე განმარტებით, ლორთქიფანიძეს "საკმაოდ ცნობილი პირები უდგებიან თავდებში". 

საველე ბიოლოგი და ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე 25 ივლისს 20 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს.

ის 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ლორთქიფანიძის შესახებ აცხადებს, რომ ის "გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას".

ბეჟან ლორთქიფანიძემ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტი ბეგი საიმობილიზაციო პრეპარატით უსაფრთხოდ დააძინა. National Geographic​-ში იმავე წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ლორთქიფანიძემდე ჰიპოპოტამს პრეპარატი რამდენჯერმე უშედეგოდ ესროლეს. 

კომენტარები