რუსეთი

Telegram-ზე არხი შეიქმნა, სადაც მოსკოვის აქციებზე დაკავებულთა პირადი მონაცემები ქვეყნდება

ვალერი შარიფულინი / ТАСС / Scanpix

რუსული დამოუკიდებელი მედიის ცნობით, ანონიმურ ტელეგრამ-არხზე, სახელწოდებით "Товарищ майор" (ამხანაგი მაიორი), დაახლოებით, 3 200 ადამიანის პირადი მონაცემები გამოქვეყნდა. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების რუსლი ოფისის, დოჟდის, მედუზასა და მედიაზონის ჟურნალისტებიც. 

ყველა მათგანი ასე თუ ისე ესწრებოდა 27 ივლისსა, თუ 3 აგვისტოს მოსკოვში გამართულ აქციებს.

მედიაზონა აღნიშნავს, რომ მათი 3 ჟურნალისტი, რომლებიც ასევე აღმოჩნდნენ ტელეგრამის ბაზაში, 3 აგვისტოს აქციის დაწყების წინ პოლიციამ გააჩერა და მოსთხოვა, რომ გაფრთხილებისთვის მოეწერათ ხელი. დოკუმენტის ხელმოსაწერად პასპორტის მონაცემები იყო საჭირო. 

ფაილში ასევე 27 ივლისს გამართული აქციის დროს დაკავებული ოთხი მონაწილის, სამარიდინ რაჯაბოვის, ივან პოდკოპაევისა, ალექსეი მინაილოსა და დანილ ბეგლეცის, პირადი მონაცემებია მითითებული. ოთხივე მათგანზე საქმე მასობრივი არეულობის მუხლითაა აღძრული. 

ფაილში ასევე მითითებულია მოსკოვის საკრებულოს არჩევნების დამოუკიდებელი კანდიდატების, ლიუბოვ სობოლის, ივან ჟდანოვის, იულია გალიამინას, დმიტრი გუდკოვის, ვლადიმირ მილოვის, კონსტანტინ იანკაუსკასი და ელენა რუსაკოვას, მონაცემებიც.

როგორც სააგენტო მედუზას გუდკოვის შტაბში უთხრეს, ერთერთ დაკავებულს ბაზაში არა ნამდვილი, არამედ გამოგონილი მისამართი აქვს მითითებული, რომელიც მან პოლიციის განყოფილებაში სპეციალურად არასწორად თქვა. 

ტელეგრამ-არხი 27 ივლისს შეიქმნა, ბოლოს კი 9 აგვისტოს დარედაქტირდა. კომპანიის გრაფაში კი "მოსკოვში მდებარე რუსეთის შსს"-ია მითითებული.

ადამიანები, რომლებმაც ბაზაში საკუთარი მობილურის ნომრები აღმოაჩინეს, ყვებიან, რომ მათ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიან, სადაც მითითებულია, რომ 10 აგვისტოს დაგეგმილ აქციაზე ნიღბებით მივიდნენ და კონკრეტული ქმედებებისთვის დაჯგუფებები დააორგანიზონ. 

იურისტის, ნიკოლაი ფომინის, განმარტებით, ეს ყველაფერი 10 აგვისტოს აქციაზე დაგეგმილ პროვოკაციას ჰგავს.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რათა ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი. 

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია. პოლიციამ 3 აგვისტოს აქციაც ძალადობრივად დაშალა. ODV-ის მონაცემებით 1 002 პირი დააკავეს.

შემდეგი აქცია 10 აგვისტოსაა დაგეგმილი. 

კომენტარები