ნიკა გვარამიას საქმე

გვარამია: პროკურატურა 80 000 ლარიან გირაოს ითხოვს

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახედ 80 000 ითხოვს. ამის შესახებ გვარამია Facebook-ზე წერს. 

"საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე.

პროკურატურის მოთხოვნა - 80.000 ლარი გირაო"- წერს გვარამია. 

პროკურატურამ ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა.

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

კომენტარები