ნიკა გვარამიას საქმე

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა - გვარამია გადახდას არ აპირებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას, აღკვეთის ღონისძიებად გირაო, 40 000 ლარი შეუფარდა.

ნიკა გვარამია გირაოს გადახდას არ აპირებს. 

გვარამიამ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლოა, პროკურატურამ დააყენოს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა - ის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 80 000 ლარს ითხოვდა.

ნიკა გვარამიას შეუძლია ქვეყანა დატოვოს მხოლოდ გამოძიებასთან შეთანხმებით.

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

კომენტარები