ყინწვისის მონასტერი

სააგენტო ყინწვისზე: მეტლახის დაგებით არ დაზიანებულა, შსს-თვის მიმართვას არ ვგეგმავთ

კულტურული მემკვიდრეობა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არ გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს, რადგან თვლის, რომ ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირების მიერ მეტლახის უნებართვო დაგებით ისტორიული ძეგლი არ დაზიანებულა. 

"გამომდინარე იქიდან, რომ ყინწვისში ხუთშაბათს იმყოფებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საპატრიარქოს გაერთიანებული საბჭო ადგილზე და მათი დათვალიერების შედეგად და მათი წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ნიადაგის ქვაფენილის გამოცვლითი სამუშაოების შედეგად ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას ფიზიკური დაზიანება არ მიყენებია. კულტურული და მხატვრული ღირებულების მატარებელი ცალკეული ელემენტებისთვის, როგორიც არის მისი ფასადები და სხვა ელემენტები. ასე რომ, გამომდინარე იქიდან, რომ არ იკვეთება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადასტურებული საფუძველი, ჩვენ ამ ტიპის ნაბიჯის გადადგმას, უახლოეს მომავალში არ ვგეგმავთ"- უთხრეს ტაბულას სააგენტოში. 

მათივე თქმით, მომავალ კვირას ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ჩავა ყინწვისში და ხელახლა გადაამოწმებს მიღებულ დასკვნას.

"სწორედ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ დავაყენებთ თუ არა სამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხს",- აღნიშნეს სააგენტოში.

სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, სააგენტო ვცდილობს, რომ ასეთი ტიპის რადიკალურ ზომებს თავი აარიდოს.

"რამდენადაც საკულტო ნაგებობების მესაკუთრეს და პირველ რიგში ამ ტიპის პასუხიმგებლობა, მათი მოვლა-პატრონობა აკისრია საქართველოს საპატრიარქოს და აქედან გამომდინარე, ჩვენ განვლილ კვირაში მივმართეთ წერილობით საპატრიარქოს, რომ აი ამ გართულებული ურთიერთობის პირობებში, როცა ჩვენი ინსპექტირების ჯგუფი ადგილზე არ დაუშვეს. მესაკუთრეს, რომელიც გიშლის ხელს საკუთრებაში შესვლისა, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალადობრივი მეთოდებით იქ ვერ შევიდოდით და გამომდინარე აქედან მივმართეთ საპატრიარქოს. დაიგეგმა ეს საბჭოს სხდომა, მივიღეთ ოფიციალური დასკვნა და ამ შემთხვევაში რეაგირებისთვის კვლავ ვთხოვთ საპატრიარქოს, რომ ეს ურთიერთობა კვლავ ჩადგეს ნორმალური ურთიერთობის ჩარჩოებში, რაც მოგვცემს შესაძლებლობას იმისას, რომ განვსაზღვროთ სწორი მიმართულებები სამომავლოდ სარეაბილიტაციო კუთხით, რადგან ყველა აბსოლუტურად თანხმდება იმაზე, რომ იატაკის ფენილი არის გამოსაცვლელი, რადგან ის აბსოლუტურად შეუსაბამოა ტაძრის ინტერიერთან და კულტურულ ფასეულობებთან"- ამბობენ სააგენტოში. 

ყინწვისის ღვთისმშობლის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი რამდენიმე დღის წინ შეიცვალა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მტკიცებით, სამუშაოები მათთან და საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან შეუთანხმებლად წარიმართა. სააგენტო გავრცელებულ 10 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში მეტლახის დაგებას "ადგილობრივი სასულიერო პირების თვითნებობად და უკანონობად" აფასებს. მათი განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან.   

კომენტარები