ყინწვისის მონასტერი

ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარი: არაფერი მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, უკეთესი გახდა

0 კომენტარი
ფოტო: კულტურული მემკვიდრეობა

ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის შეფასებით, მეტლახის დაგებით "არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა". ინტერპრესნიუსის ცნობით, მამა ეფრემმა თქვა, რომ ძველი იატაკი არა კულტურული მემკვიდრეობა, არამედ, "უბრალო ფილები" იყო.

"ჯერ ერთი, იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა, ის 60-იან წლებში შეიცვალა, ამ ტაძარს რესტავრაციის გაკეთება მოუწია. ეს იყო კომუნიზმის რეჟიმის დროს ჩამოსხმული, ბორდიურები იყო დაზიანებული, რომელიც მტვრის ბუდე იყო და ძვირფასი მარმარილოთი ჩანაცვლდა. აქ არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა, ისტორიულად ყოველთვის ახლდებოდა და კეთდებოდა“ - ამბობს მონასტრის წინამძღვარი.

მამა ეფრემის მტკიცებით, "ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც კონკრეტულად ეს ძვირადღირებული მარმარილოს ქვა შემოგვწირა". მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ურთიერთობა უჭირთ.

"ეპარქიიდან წერილიც გაუგზავნიათ, დახმარებაც გვითხოვია, მაგრამ წლების მანძილზე იწელებოდა. აქედან გამომდინარე, უბრალოდ არ ჩავთვალეთ საჭიროდ [მათთვის მიმართვა] და მორჩა“, - ამბობს ეკლესიის წინამძღვარი.

ყინწვისის ღვთისმშობლის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი რამდენიმე დღის წინ შეიცვალა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მტკიცებით, სამუშაოები მათთან და საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან შეუთანხმებლად წარიმართა. სააგენტო 10 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში მეტლახის დაგებას "ადგილობრივი სასულიერო პირების თვითნებობად და უკანონობად" აფასებს. მათი განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არ გეგმავს, გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს, რადგან თვლის, რომ ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირების მიერ მეტლახის უნებართვო დაგებით ისტორიული ძეგლი არ დაზიანებულა. მათივე თქმით, მომავალ კვირას ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ჩავა ყინწვისში და ხელახლა გადაამოწმებს მიღებულ დასკვნას.

"სწორედ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, დავაყენებთ თუ არა სამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხს",- აღნიშნეს სააგენტოში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საკითხზე შემდგომი რეაგირება საქართველოს საპატრიარქოს წერილობით სთხოვა. საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მათთვის არ იყო ცნობილი ყინწვისში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

"არ ყოფილა შეთანხმებული და შევიტყვეთ, როცა უკვე ფაქტი მომხდარი იყო" - აღნიშნავს ჯაღმაიძე ინტერპრესნიუსთან.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. მას მეუფე იობი განაგებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები