ბერლინის აეროპორტი

ბერლინის მერია ძველ აეროპორტის ბორდელად გადაკეთებას გეგმავს

businessinsider.com

ბერლინის ერთ-ერთი ძველ აერპორტში, ტემპელხოფში მალე შესაძლოა სექსუალური მომსახურების პუნქტი გაიხსნას. საუბარია დახურულ კომპლექსზე სადაც სექსუალური მომსახურების მიღება კერძო ავტომობილებში იქნება შესაძლებელი.

ინიციატივა, ბერლინის ერთ-ერთი უბნის, მიტტეს მმართველს, შტეფან ფონ დასელს ეკუთვნის. მწვანეთა პარტიის დეპუტატი ამ გზით ბერლინის ერთ-ერთ ქუჩაზე პროსტიტუციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას გეგმავს. კურფიურსტენშტრასე, რომელიც ფონ დასელის რაიონში მდებარეობს, ბერლინში ქუჩის პროსტუტიციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ხშირად ამ ქუჩას, ამსტერდამის ცნობილი წითელი ფარნების კვარტალსაც ადარებენ.

ფონ დასელის ინიციატივაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ბიზნესის წარმომადგენლები დიდი ხანია სახელმწიფოს ვითარების გამოსწორებას ითხოვენ. ამ დროის განმავლობაში ქალაქის მმართველები თავს იკავებდნენ რამენაირი შეზღუდვისგან, რადგანაც ვითარების გაუარესების ეშინოდათ.

ფონ დასელის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე პროსტიტუციის აკრძალვა და ძველი აეროპორტის ტერიტორიაზე სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა სექს-მუშაკების უსაფრთხოების დონეს გაზრდის. ძველი აეროპორტის ტერიტორიაზე დახურული ბოქსების მშენებლობა განიხილება, სადაც კლიენტები საკუთარი ავტომიბილებით მივლენ და მომსახურებას მანქანიდან გადმოუსვლელად მიიღებენ.

ამ ინიციატივას მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ყავს, ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ აღნიშნული ინიციატივით პროსტუტიციის პრობლემა არ მოგვარდება და პროცესი უფრო ჩრდილოვანი გახდება, რაც თავის მხრივ შესაძლოა ახალი პრობლემების წყარო გახდეს.

პროსტიტუციისთვის გათვლილი ბოქსები პირველად 1980-იან წლებში ჰოლანდიურ უტრეხტში გაჩნდა. ამის შემდეგ მსგავსი ბოქსები გაჩნდა კიოლნში, ესენში, ბონში, ციურიხში და სხვა ევროპულ ქალაქებში. ეს ბოქსები ყველგან უსაფრთხოების მაღალი დონით გამოირჩევა, პუნქტები აღჭურვილი ვიდეო კამერებით და ე.წ. პანიკის ღილაკით.

კომენტარები