უაქციზო სიგარეტი

22 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის 12 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინა, რაზეც თორმეტი პირი დააკავა.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 22 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 82 000 ლარს აღემატება" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით. 

აღსანიშნავია, რომ სიგარეტზე ფასის ზრდამ ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობით შემოტანა გამოიწვია. ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უაქციზო სიგარეტზე 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო.

კომენტარები