ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის აეროპორტში ყველა რეისი მეორე დღესაც გაუქმდა

0 კომენტარი
ფოტო: Twitter

ჰონგ-კონგის აეროპორტში ყველა რეისი მეორე დღესაც გაუქმდა.

აეროპორტში ათასობით მომიტინგე უკვე მეხუთე დღეა იკრიბება, მათ ამჟამად ტერმინალები დაიკავეს.

ადგილობრივი დროით ყველა რეისი 16:30 საათიდან გაუქმდა. რეისების გაუქმებამდე 13 აგვისტოს რამდენიმე რეისმა გაფრენა და ჩამოფრენა შეძლო. 

მომიტინგეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ. ჰონგ-კონგში თვალახვეული მომიტინგეები პოლიციის ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ. 11 აგვისტოს პოლიციის ოფიცერი მომიტინგეებს ახლო მანძილიდან ესროდა ტყვიებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთერთ ქალს, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იდგა და მოვლენებს თვალს ადევნებდა, "მარცვლების ტომრის" ტყვია მარჯვენა თვალში მოხვდა. ექიმის თქმით ქალმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. 

თავდაპირველად 12 აგვისტოს ჰონგ-კონგში ყველა რეისი გააუქმეს. 

11 აგვისტოს ჰონგ-კონგში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც აქციის 9 მონაწილე დაშავდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და სხვა სახის იარაღი გამოიყენეს.

უკვე ორი თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პროჩინელი მოძალადეთა ჯგუფიც დაუპირისპირდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს იწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები