კიბერშეტევა ტვ პირველზე

ეთიკის ქარტია ტვ პირველზე: ვიმედოვნებთ, არ გაჭიანურდება პროცესი და დადგინდება დამნაშავე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, TV პირველის საქმეზე გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა არხმა სრულფასოვნად შეძლოს მაუწყებლობა.

"ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, "გურიანიუსის" შემთხვევაში მოხდა.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა ტვ პირველმა შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. აუცილებელია დროულად აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემა და უზრუნველყოფილი იყოს არხის შეუფერხებელი ფუნქციონირება",- წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ინფორმაციით, არხის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა მოხდა, რამაც სრული პარალიზება გამოიწვია. ტელეკომპანიის განცხადებით, კიბერშეტევის გამო ეთერში ვერ გადის პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემები. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, დაიწყო, თუ არა კიბერშეტევის საქმეზე გამოძიება. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ტვ პირველის დამფუძნებელი და დირექტორი ვატო წერეთელი პროკურატურამ გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა, თუმცა მისივე მოთხოვნით, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს დაიკითხა.

მისივე თქმით, პროკურორების შეკითხვები TBC ბანკის გახმაურებულ საქმეს ეხებოდა. 

ვატო წერეთელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია, რომელიც თავის მხრივ, ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რაზეც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება და რის გამოც საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. 

 

კომენტარები