აქციები რუსეთში

პესკოვი: პუტინი რუსეთში მიმდინარე აქციებს აკვირდება, თუმცა განსაკუთრებულს არაფერს ხედავს

0 კომენტარი
დმიტრი პესკოვი ფოტო: TheMoscowTimes

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი ქვეყანაში მიმდინარე აქციებს თვალს ადევნებს, თუმცა თვლის, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. 

მისივე თქმით, ასეთი აქციები ყველა ქვეყანაშია და მათი დაკავშირება პოლიტიკურ კრიზისთან არასწორია. 

"ჩვენ არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ რაც ხდება, პოლიტიკური კრიზისია. ამავე დროს, საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვაოთ კანონიერი აქციები და არეულობის ორგანიზების მცდელობები. რაც შეეხება პოლიციის ქმედებებს, ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ. მათ მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს საგამოძიებო ორგანოები იძიებენ. ადგილი ჰქონდა მათ წინააღმდეგ ძალადობასა და დაუმორჩილებლობასაც, რაც ასევე გამოსაძიებელია"- ამბობს პესკოვი

პესკოვის თქმით, მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში არარეგისტრირებულ კანდიდატებს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვთ. მისივე თქმით, ეს პროცედურა "კანონითაა გაწერილი მკაფიოდ და მასში არანაირი ორაზროვნება არ არის".

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რათა ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი. 

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია. პოლიციამ 3 აგვისტოს აქციაც ძალადობრივად დაშალა. ODV-ის მონაცემებით 1 002 პირი დააკავეს.

10 აგვისტოს მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამოსული ორასამდე აქტივისტი დააკავეს. რუსულმა ოპოზიციამ, რომელსაც კრემლი არ აკონტროლებს, მოსკოვის ცენტრში აქცია გამართა, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის ორგანიზატორთა ცნობით, მოსკოვის ცენტრში 50 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები