ნარკოდანაშაული

1002 აბი სუბუტექსი და 293 აბი MDMA - შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

11 აგვისტოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე დააკავეს და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 1002 აბი, 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

შსს-ს ინფორმაციითვე, ნარკოდანაშაულისათვის, ასევე, კიდევ ერთი პირია დაკავებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს შემცველი 293 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდა ამისა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 ნარკორეალიზატორი. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განახორციელეს. ასევე, პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

კომენტარები