აგვისტოს ომი

ბახტაძე: 2008-ში ხელისუფლებამ შესაძლებელი გახადა, ოკუპანტის მიერ საოკუპაციო გეგმის რეალიზაცია

პარლამენტი

"მაშინდელმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ 2008 წლის აგვისტოს ომი არა თუ არ აიცილა თავიდან, არამედ თავისი უპასუხისმგებლო პოლიტიკით გახადა შესაძლებელი ოკუპანტი ძალის მიერ საოკუპაციო გეგმის რეალიზაცია," - პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პასუხობს რუსთავი ორის კითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. პრემიერი ამბობს, რომ ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები.

"საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ მათ შორის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც დგას თქვენი ტელევიზიის უკან, ამტკიცებდა, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაწყებულა 2008 წელს. მე 8 აგვისტოს ვიყავი გორში და შევხვდი ჩვენს დევნილებს, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იანიწლების დასაწყისში იყვნენ იძულებული, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი. როდის დაიწყო საქართველოს ოკუპაცია, ამაზე არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია. ამაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ 90-იანი წლების დასაწყისში. რაც შეეხება 2008 წელს, ბუნებრივია ამისთვის რუსეთი ძალიან დიდხანს ემზადებოდა. ეს ყველაფერი იყო ძალიან ხილული. მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ, როგორ მზადდებოდა ინფრასტრუქტურა, რომ ეს ინტერვენცია განხორციელებულიყო. ეს განსაცდელი ერთ დღეში ციდან არ ჩამოვარდნილა. ამისთვის ემზადებოდნენ და ჩვენ გვქონდა 90-იანი წლების ძალიან მწარე გამოცდილება," - თქვა ბახტაძემ.

კომენტარები