20 ივნისის საქმე

NGO-ები: 20 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შერჩევითი მიდგომის აღქმას აჩენს

0 კომენტარი
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 20 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიება "შერჩევითი მიდგომის აღქმას აჩენს". მათი განცხადებით, სახელმწიფომ გამოძიების მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმართვის მიმართულებით საზოგადოებაში ნდობის მოპოვება ვერ შეძლო. NGO-ები აღნიშნავენ, რომ წინასწარი პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობები უმეტესად შაბლონურია და მხოლოდ ზოგად მსჯელობას ემყარება.

"საგამოძიებო ორგანოების მიერ გადადგმული ნაბიჯები, გარკევულ შემთხვევაში, ტოვებენ აღქმას, რომ ისინი არა საკითხის სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, არამედ საზოგადოებაში ბრალდებულის მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას ემსახურება. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეზე გავრცელებული ვიდეო და მოგვიანებით, იმავე შემთხვევაზე მედიით გავრცელებული სრული ვიდეომასალა, ობიექტურ დამკვირვებელს მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ აღქმას უჩენს.

ცალსახაა, რომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენებში ყველა მონაწილე ჯგუფის პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს და სათანადოდ შეფასდეს. უდავოა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა დარღვევაზე (დემონსტრანტების თუ პოლიციის მხრიდან) სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია. თუმცა, ამგვარი რეაგირება კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით, დასაბუთების მაღალი სტანდარტით და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობით უნდა მოხდეს.

მიმდინარე კრიზისის ფონზე, საზოგადოების დამოუკიდებელი ჯგუფების ფართო პროტესტის პარალელურად დემონსტრაციაში მონაწილეთა მიმართ შაბლონური შუამდგომლობებისა და დაუსაბუთებელი განჩინებების საფუძველზე წინასწარი პატიმრობის მასობრივად გამოყენება, ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების სურვილზე უფრო მიუთითებს. ამ შეფასებას ამძაფრებს ისიც, რომ საზოგადოებას დღემდე, ორი შემთხვევის გარდა, არ მიუღია სრულყოფილი პასუხი 20-21 ივნისს მოძალადე პოლიციელების მიმართ გატარებული რეალური ზომების შესახებ, კერძოდ, დღემდე არ მომხდარა ყველა კანონდარმღვევი პოლიციელების გამოვლენა და პასუხისმგებლობაში მიცემა. ამასთან, არც შინაგან საქმეთა მინისტრს გაუზიარებია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არც დემონსტრაციის დაშლისას გამოკვეთილი სისტემური პრობლემები არ ყოფილა გაანალიზებული და გააზრებული" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ცენტრი "ემპათია", სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მედიის განვითარების ფონდი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის სამმა თვალი დაკარგა. თითქმის ორი თვეა, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. თავად გახარია ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.

20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია და გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, მათ შორის, დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს და კიდევ 17 დაკავებულს, მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. მათგან ერთერთი - ბიოლოგი ბეჟან ლორთქიფანიძე რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ასევე მიმდინარეობს გამოძიება 20 ივნისის აქციის დაშლის დროს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების კონკრეტულ ფაქტებზე, თუმცა ამ მომენტისთვის ბრალი მხოლოდ ორ პოლიციელს აქვს წარდგენილი. მათგან ერთი - გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები