ნიკა გვარამიას ბრალი

სააპელაციო: გვარამიას ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრება 16 საათით დააგვიანა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. როგორც განცხადებაშია განმარტებული, გვარამიას ადვოკატმა სარჩელი, გასაჩივრების შესახებ, 16 საათიანი დაგვიანებით შეიტანა. 

ადვოკატი ნიკა გვარამიასათვის 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

"სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შეამოწმა საჩივრის შესაბამისობა დასაშვებობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია 2019 წლის 11 აგვისტოს 01 საათსა და 30 წუთზე და შესაბამისად, მისი სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207- ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 48 საათიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 13 აგვისტოს 01 საათსა 30 წუთზე. ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის მიერ განჩინების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეტანილია 2019 წლის 13 აგვისტოს 17 საათზე და 39 წუთზე, ანუ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, 16 საათის დაგვიანებით," - წერია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას, აღკვეთის ღონისძიებად გირაო, 40 000 ლარი 2019 წლის 11 აგვისტოს შეუფარდა. ასევე გვარამიას შეუძლია ქვეყანა დატოვოს მხოლოდ გამოძიებასთან შეთანხმებით.

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

 

კომენტარები