აქცია ჰონგ-კონგში

სისხლიანი თვალის სახვევი ჰონგ-კონგის აქციების სიმბოლო გახდა

0 კომენტარი
ფოტო: WSJ

სისხლიანი თვალის სახვევი ჰონგ-კონგის პროტესტის სიმბოლო გახდა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქციაზე მყოფ ერთერთ ქალს მარჯვენა თვალში ესროლა.

ჰონგ-კონგში ძინ შა წუეის უბანში 11 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით, ასმა ადამიანმა პოლიციის შენობამდე მსვლელობის გამართვა გადაწყვიტა. თუმცა, პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებს სცემა, ცრემლსადენი გაზი ქუჩებსა და მეტროს სადგურში გაუშვა და წიწაკის ბურთულები ახლო მანძილიდან ისროლა. კვირა საღამოს 54 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ფოტო: Felix Wong

ერთერთ ქალს, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იდგა და მოვლენებს თვალს ადევნებდა, პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ან "მარცვლების ტომრის" ტყვია მარჯვენა თვალში მოხვდა. 

ადგილობრივი მედიის SCMP ინფორმაციით, ქალმა შესაძლოა თვალი დაკარგოს. ონლაინ ფორუმზე LIHKG ერთერთი მომხმარებლის თქმით, ის ქალის და იყო და დაზარალებულს სახის ძვლები, სადაც ტყვია მოხვდა, ჩამტვრეული ჰქონდა. 

"შემიძლია დავადასტურო, მისი დაზიანება ძალიან სერიოზულია," - განაცხადა ექიმმა.

პოლიციის ოფიცრების განცხადებით, პოლიციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მტკიცებულება არ არსებობდა და მომხდარს გამოიძიებდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პროდემოკრატიული აქცია პოლიციამ ძალადობრივად დაშალა - ივნისიდან, ორი თვის წინ, მას შემდეგ, რაც კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო, მომიტინგეთა დასარბევად პოლიციამ 1800-ჯერ გაუშვა ცრემლსადენი გაზი და 160 რეზინის ტყვია ისროლა. მიუხედავად ამისა, ქალის თვალის დაზიანება ჰონგ-კონგელებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. 

ერთიანობისა და სოლიდარობის ნიშნად მომხდარიდან მეორე დღეს მომიტინგეებმა ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში წითლად შეღებილი თვალის სახვევები თვალზე აიფარეს და პოლიციის ძალადობა გააპროტესტეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერები სხვადასხვა წარწერით - "თვალი თვალის წილ"; "სად არის ჩემი მარჯვენა თვალი?"; "შეწყვიტეთ თვალებში სროლა"; "ჰონგ-კონგის პოლიცია ჰონგ-კონგელ ხალხს კლავს".

ჩინელმა დისიდენტმა ხელოვანმა პაიტიუცაომ შექმნა ჰონგ-კონგის ლიდერის კერი ლამის ილუსტრაცია ჩამოკიდებული თვალით. 

მომიტინგეებს 5 მთავარი მოთხოვნა აქვთ - კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის სრული გაწვევა; საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და თავისუფალი არჩევნები.

Agence France-Press-თან ერთერთი სტუდენტის კელვინ ლიუს თქმით, მომიტინგეები აეროპორტში იმიტომ შეიკრიბნენ, რომ სჯეროდათ უცხოელებთან ერთად ჰონგ-კონგის პოლიცია მომიტინგეებზე ძალას არ გამოიყენებდა. 11 და 12 აგვისტოს თითქმის ყველა რეისი გაუქმდა. 13 აგვისტოს საღამოს ჰონგ-კონგის აეროპორტში პოლიციამ აქცია დაარბია.

14 აგვისტოს ასამდე თვალახვეულმა მედიკოსმა ვან ჩაი რუტონჯის და თანგ სიუ ქინის საავადმყოფოებიდან 11 აგვისტოს პოლიციის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება გააპროტესტა. 

ერთერთი ექიმის ვილსონ ჩენგის თქმით, პოლიცია მედიკოსებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდა. ასევე, სამართალდამცველების მხრიდან საავადმყოფოებში დაზარალებულებზე ინფორმაციის მოძიებით, პაციენტის ნდობა ნადგურდებოდა და ქმნიდა საფრთხეს, რომ დაზარალებული მკურნალობას თავს არიდებდა. 

14 აგვისტოს ჰონგ-კონგის ქუჩებში პროტესტი კვლავ განახლდა. პოლიციამ აქციის დარბევა დაიწყო.

უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს. აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. 

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა.

რამდენიმე დღის წინ ჰონგ-კონგის საზღვართან არსებულ ქალაქ შენჭენში, რომელიც კონტინენტური ჩინეთის ნაწილია, არაერთმა ადგილობრივმა უამრავი სამხედრო ძალა შენიშნა. ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმაც. არსებობს ეჭვი, რომ პეკინმა, შესაძლოა, აქციები დაარბიოს.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები