ვალების რესტრუქტურიზაცია

ფინანსთა მინისტრი ტელეკომპანიებს სახელმწიფოს ვალების რესტრუქტურიზაციას სთავაზობს

ფინანსთა სამინისტრო

იმ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება აქვთ, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვალების რესტრუქტურიზაციას სთავაზობს. 

ამის შესახებ მაჭავარიანმა მედიასთან 14 აგვისტოს ისაუბრა და ტელევიზიებს ერთი, მაქსიმუმ 2 კვირა მისცა იმისთვის, რომ მათ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს მიაწოდონ გრაფიკი, თუ რა განრიგით გადაიხდიან ძველ ვალებს.

"ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადების გადახდა. ვიცით, რომ ეს ძველი დავალიანებები საკმაოდ დიდია და იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ასე ერთბაშად და ახლავე მათი დაფარვა ტელეკომპანიებს გაუჭირდებათ და შეიძლება, პრაქტიკულად, მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს. ეს ჩვენს ინტერესში არ არის," - ამბობს მაჭავარიანი. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, ამასთან ტელეკომპანიებმა მიმდინარე დავალიანებების გადახდა დღესვე უნდა დაიწყონ. 

"პირველ რიგში, რაც არის ყველაზე მთავარი, რაც ხვალიდანვე, ანუ დღეიდანვე უნდა მოხდეს ეს არის ის, რომ მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს სულ ყველამ, აღარ მოახდინოს ვალის დაგროვება. ეს არის მთავარი პირობა და მთავარი ნიშანი, რომ ამ სექტორში და მესმის, რომ ეს პოლიტიკურად სენსიტიური სექტორია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი ამასთან ერთად, ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვიქნებით, მაქსიმალურად შევალთ ბიზნესის მდგომარეობაში,"- თქვა მაჭავარიანმა. 

ფინანსთა მინისტრმა ასევე იმ ვალების რაოდენობა გაასაჯაროვა, რომელიც წამყვან ტელევიზიებს 2016 წლის შემდეგ აქვთ: 

რუსთავი 2 - 28 მილიონი ლარი, იმედი - 19 მილიონი ლარი და მაესტრო - 8 მილიონი ლარი. 

კომენტარები