ვალების რესტრუქტურიზაცია

გვარამია R2-ის ვალზე: გადასახადებს ვიხდიდი იქამდე, სანამ ყადაღის გამო შეუძლებელი არ გახდა

რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მიერ ტელეკომპანიების ვალებზე საუბარი დღეს იმიტომ დაიწყო, რომ რუსთავი 2 არსებულ მყიდველს მოარგონ. 

გვარამიას განმარტებით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე ტელეკომპანიაზე ყადაღის დადების შემდეგ, არხი გადასახადების გადახდას ვეღარ ახერხებდა.

"ჩვენ, ვგულისხმობ ჩვენს მენეჯმენტს, არ ვართ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ვალდებულებებს არ აღიარებს. მე ვიხდიდი ამ გადასახადებს, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა გადასახადების და ჩემი გუნდისთვის ხელფასების გადახდა ერთდროულად,"- ამბობს ნიკა გვარამია. 

გვარამიას თქმით, რუსთავი 2-ს სახელმწიფოსთან ჰქონდა შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია გადასახადების გადახდას დაიწყებდა იმ შემთხვევაში, თუ ყადაღა მოეხსნებოდა, რაც არ მოხდა. 

"მერე აბსოლუტურად ღიად ვთქვით, რომ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ და ორ შორის არჩევანს, რა თქმა უნდა, ავარჩევთ ტელეკომპანიის ფუნქციონირების სასარგებლოდ. რომ გროვდებოდა ეს გადასახადები და საურავები, ამაზე არაერთგზის მივწერეთ ფინანსთა მინისტრს. მე არ მახსოვს მაშინ ვანო მაჭავარიანი იყო, თუ მისი წინამორბედი და არცერთი პასუხი არ მიგვიღია ამასთან დაკავშირებით საერთოდ,"- თქვა ნიკა გვარამიამ. 

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, 14 აგვისტოს იმ ტელეკომპანიებზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფოს ვალი აქვთ და მათ ამ დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესთავაზა. მაჭავარიანმა რუსთავი 2-ს, იმედსა და მაესტროს მოუწოდა, რომ მათ ფინანსთა სამინისტროს მიაწოდონ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ძველი ვალების გადახდას დაიწყებენ. მაჭავარიანის თქმითვე, ტელეკომპანიებმა მიმდინარე დავალიანებების გადახდა დღესვე უნდა დაიწყონ. 

მინისტრმა ტელეკომპანიების იმ ვალების რაოდენობაც გაასაჯაროვა, რომელიც მათ 2016 წლის შემდეგ აქვთ:

რუსთავი 2 - 28 მილიონი ლარი, იმედი - 19 მილიონი ლარი და მაესტრო - 8 მილიონი ლარი. 

რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას, თქმით, ის მზად არის ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ასეთია ტელეკომპანია იმედის პოზიციაც. 

კომენტარები