ნიკა გვარამიას საქმე

ნიკა გვარამიამ პროკურატურისგან გირაოს კოდი არ ჩაიბარა

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, პროკურატურისგან ის უნიკალური კოდი არ ჩაიბარა, რომელზეც სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო უნდა ჩაერიცხა. 

გვარამიამ კვლავ გაიმეორა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს და ამისკენ მოუწოდებს მის მხარდამჭერებსაც, რომ კეთილი ზრახვით მის ნაცვლად არ გადაიხადონ ეს თანხა. 

"მე არავის ვაძლევ ამის უფლებას და ვერც მივცემ, რომც მინდოდეს. გირაოს უნიკალური კოდი არ ჩავიბარე, შესაბამისად, ის არ ვიცი და ამიერიდან ერთადერთი პასუხისმგებელი იმაზე, თუ ვინ ჩარიცხავს ამ ანგარიშზე ფულს, არის ეს უწყება, რადგან მხოლოდ მათ იციან გირაოს კოდი,"- თქვა გვარამიამ. 

მისივე თქმით, პროკურატურაში მას განუმარტეს, რომ გირაოს არგადახდა შეიძლება უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებით დასრულდეს. 

"დასრულდეს პატიმრობით, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა. გირაოს მე არ გადავიხდი მაშინ, როდესაც დამნაშავე არ ვარ,"- ამბობს ნიკა გვარამია. 

გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი განმარტავს, რომ უნიკალური კოდის არჩაბარება შეიძლება გახდეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი. 

"უნიკალური კოდის არჩაბარება არ არის საფუძველი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის, თუმცა ეს გაკეთდა შეგნებულად ნიკა გვარამიას მხრიდან, რათა არ მოხდეს ამ ანგარიშზე სხვა პირების მიერ თანხის ჩარიცხვა. ანუ არც გვაქვს ჩვენ ჩაბარებული ეს დოკუმენტი, ასე ვთქვათ და მესამე პირს, წესით და რიგით, არ უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ამ უნიკალურ კოდზე და თუ ექნება, ბუნებრივია, რომ ეს არ იქნება ნიკა გვარამიას მხრიდან,"- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

11 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ გვარამიამ აღკვეთის ღონისძიები სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა 80 000 ლარს ითხოვდა. 

სხდომამდე გვარამიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ის გირაოს არ გადაიხდიდიდა. 

კომენტარები