ტვ იმედის ფილმი აგვისტოს ომზე

ზოიძე: ომის თემაზე ტვ იმედის ფილმში რუსული ნარატივი და პროპაგანდა ნამდვილად არ დამინახავს

აიპრესი

"ვერანაირ რუსულ პროპაგანდას ამ ფილმში მე ვერ ვხედავ," - ქართული ოცნების წევრი აკაკი ზოიძე, ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ 2008 წლის აგვისტოს ომზე მომზადებულ ფილმს ტაბულასთან საუბარისას აფასებს, რომელიც ერთი ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდას. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ფილმში ამ მოსაზრების საწინააღმდეგო ვერაფერი დაინახა.

"ყველას აქვს თვალსაზრისის უფლება, ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რუსულ ნარატივს იმეორებდა და მესამე, რუსეთს აწყობს სწორედ ის, რომ ამ თემაზე, თუ ვინ დაიწყო ომი საქართველოში მიდიოდეს დისკუსია. ომი დაიწყო რუსეთმა, აგვისტოშიც და მანამდეც 90-იან წლებში და ჩვენ ვართ დიდი ხანია წლების განმავლობაში რუსული აგრესიის მსხვერპლი. ამაზე კითხვა და დისკუსია საზოგადოებაში საერთოდ არ უნდა მიმდინარეობდეს. რუსეთი დღეს ჩვენს ტერიტორიაზე დგას და ომი მიდოდა ჩვენს ტერიტორიაზე. ამ თემაზე საუბარი აწყობს მხოლოდ რუსეთს და ნაციონალურ მოძრაობას როგორც სჩანს. იქ იყო ფაქტები მოყვანილი, იყო გარკვეული ინტერპრეტაციები და ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილმა თავისი უგუნური თამაშით, ხელი შეუწყო რუსეთს თავისი აგრესიული და ოკუაციური გეგმების განხორციელებაში. საქართველოს არცერთ მოქალაქეს აზრადაც არ შეიძლება მოუვიდეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს თემა, თუ ვინ დაიწყო ომი, ვინც აყენებ ამას საქართველოს მტერია. ვერანაირად ვერ დავინახე მე ფილმში ეს თემა, შეიძლება ინტერპრეტაცია და შეხედულება სხვას ასეთი ჰქონდა," - ამბობს ზოიძე ტაბულასთან საუბრისას. 

ოცნების დეპუტატის თქმით, ფილმში მოყვანილი ფაქტები სწორია და მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებები გავიაზროთ და არ გავიმეოროთ. ზოიძე ამბობს, რომ ომი კი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ "სააკაშვილმა გაზით სავსე ოთახში ასანთი გაკრა".

"ვერანაირ რუსულ პროპაგანდას ამ ფილმში მე ვერ ვხედავ, ვხედავ იმას, რომ ტაბუდადებული თემა რაც იყო ნაციონალების მიერ, რომ სხვა ინტერპრეტაცია და სხვა ვერსია არ უნდა არსებობდეს მოვლენების აღწერის, გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა მოგვაჩვენა რომ გავიმარჯვეთ, ნაცვლად დამარცხებიდა და ის დანაშაულები, რაც ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ მიატოვა ჯარი ბრძოლის ველზე, გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვა და არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, ეს ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და ეს გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ ისტორიიდან და დავხუროთ ეს ისტორია, იმიტომ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების გახლეჩას ემსახურება. ეს დისკუსია ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე. თქვენ ვერ დაინახეთ, რომ პაუელის სიტყვები სწორი იყო?! რომ რუსეთმა გაზი შეუშვა ოთახში, მაგრამ სააკაშვილმა დენთით სავსე კასტი, თუ გაზით გავსებულ ოტახში ასანთი გაკრა, ამაზე იყო საუბარი და ამ ინტერპრეტაციით იყო წარმოჩენილი. არ მიმაჩნია ეს ფილმი რუსულ პროპაგანდად. სააკაშვილის დანაშაულებების გააზრება და გათვალისწინება, რომ მომავალში არ გავიმეოროთ, შეცდომებს დავარქმევთ ამას, თუ ნებსით თუ უნებლიედ მოხდა, მნიშვნელოვანია. ქართულმა მხარემ გაკრა ასანთი, ეს გამოდიოდა მაგ ფილმიდან და აქვს ამ თვალსაზრისს არსებობის უფლება და ძალიან ბევრი არგუმენტი არის ამ მხარეს. შელამაზებული ისტორიით ვერაფერს ვერ გავაწყობთ, სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ და ვნახოღ რა შეცდომები დავუშვით, რომ მომავაში არ გავიმეოროთ. რუსული ნარატივი და პროპაგანდა ნამდვილად არ დამინახავს," - ამბობს ზოიძე ტაბულასთან საუბრისას.

ფილმი, სახელწოდებით "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტვ იმედმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიეღო.

ფილმი ოპოზიციამ და მედია ექსპერტებმა გააკრიტიკეს. პლატფორმა Mediachecker-ი კი ფილმზე შემდეგნაირად წერს:

"უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს...

ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას".

ფილმის შინაარს აპროტესტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და თავად ტვ იმედის ჟურნალისტებიც.

კომენტარები