რუსული ოკუპაცია

საკრებულოს წევრი: რუსებს ვთხოვე, წყლის რეზერვუარი არ შემოღობოთ-მეთქი და კი ბატონოო

პირველი არხი

გორში, სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს, საკრებულოს წევრი, მერაბ მახარაშვილი მივიდა და ოკუპანტებს სოფლის სარწყავი რეზერვუარის დატოვება სთხოვა.

ეს რეზერვუარი მთელი გუგუტიანთკარსა და სოფელ მერეთს ამარაგებს წლით.

მახარაშვილის თქმით, მან არ იცის რამდენი ოჯახი მოყვება მავთულხლართების იქით, ან რა მანძილზე გადმოწიეს რუსმა სამხედროებმა ე.წ საზღვარი. 

"წყლის რეზერვუარი ყვება იქითა მხარეს-მეთქი და თუ შეგვიძლია არ შემოვღობოთ-მეთქი, რომ ხალხმა ისარგებლოს იმით და კი ბატონოო... ჩემი თხოვნა იყო, რომ ხალხის სარწყავი ყვებოდა იქით... მე ვარ ხალხის არჩეული, რაც ხალხსა სჭირდება იმას ვაკეთებ"- ამბობს მახარაშვილი.

ადგილზე საქართველოს მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. გაბრიელ მაზმიშვილი ამბობს, რომ არხი 2015-2015 წლებში გაკეთდა და აქამდე საფრთხეში არ ყოფილა. მისივე თქმით, ოკუპანტებს არხთან შეხება ჯერ არ აქვთ. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა მავთულხლართებს ამონტაჟებენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოკუპანტები მათ ნათესებში ძელებს არჭობენ და ე.წ საზღვარს წევენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე მოხვდა 2 სახლი. სოფელში ქართველი სამართალდამცველები პატრულირებენ. 

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს დილიდან ორჯერ იქნა ცხელი ხაზი გააქტიურებული, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა, თუმცა საღამოს შეჩერდა. ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულზე შეშფოთება გამოთქვა. უწყების თქმით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

კომენტარები