რუსული ოკუპაცია

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge

"ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად" - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. მათი შეფასებით, საოკუპაციო ხაზთან რუსეთის მიერ მავთულხლართების მონტაჟი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

"ეს აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ" - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები რამდენიმე დღეა, მავთულხლართებს ამონტაჟებენ.  ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოკუპანტები მათ ნათესებში ძელებს არჭობენ და საოკუპაციო ხაზს წევენ. სოფელში ქართველი სამართალდამცველები პატრულირებენ. 

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ დილიდან ორჯერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული"- აცხადებენ სუს-ში. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა, თუმცა საღამოს შეჩერდა. 

ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა. უწყების თქმით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები