Woodstock

"3-დღიანი მშვიდობისა და მუსიკის ფესტივალი" - WOODSTOCK-ის დაწყებიდან 50 წელი გავიდა

0 კომენტარი
Woodstock 1969.

"სამ-დღიანი მშვიდობისა და მუსიკის ფესტივალი" - ასე ეწერა Woodstock-ის ოფიციალურ აფიშაზე, რომელიც ზუსტად 50 წლის წინ, 1969 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ფესტივალი ნიუ-იორკის ქალაქ ბეტელში, მაქს და მირიამ იასგურების მფლობელობაში არსებულ ფერმაში ჩატარდა. ფესტივალის ორგანიზატორები იასგურებსა და ქალაქის თვითმართველობას ეუბნებოდნენ, რომ კონცერტებს 50 000 ადამიანზე მეტი არ დაესწრებოდა, თუმცა სამი დღის განმავლობაში ფესტივალზე 400 000 ადამიანზე მეტმა მოიყარა თავი.

ვუდსტოკის ფესტივალზე სამი დღის განმავლობაში მუსიკის ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი და მთლიანობაში 32 კონცერტი ჩაატარეს. ჯიმი ჰენდრიქსი, სანტანა, ჯენის ჯოპლინი, The Who, Jefferson Airplane, The Band და სხვები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მომღერლებისა, ვისი მოსმენაც ვუდსტოკზე დამსწრე ხალხმა შეძლო.

გამომსვლელები ვუდსტოკის ფესტივალზე

"მანამდე არასდროს მქონდა გამოცდილი მსგავსი რამ. მახსოვს, ვუყურებდი შეკრებილ ხალხს და ვფიქრობდი - "ნახეთ, რამდენი ვართ", - ამბობს ჯიმ შელი BBC-თან, რომელიც ვუდსტოკს 19 წლის ასაკში დაესწრო.

მისი თქმით, ის კათოლიკურ ოჯახში გაზრდილი ბავშვი იყო, რომელსაც ოჯახისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა ქვეყნის საგაერო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მოწონდა მუსიკის სმენა და ფრანგული კინოს ახალი ტალღა.

"თავს გარიყულად ვგრძნობდი, ხალხს არ მოვწონდი. ისინი არ ეთანხმებოდნენ ჩემს შეხედულებებს ომზე. ვუდსტოკმა მომცა საშუალება გამეაზრებინა, რომ მე მართალი ვიყავი და ჩემი იდეები ლეგიტიმური", - ამბობს ჯიმ შელი.

Santana-ს კონცერტის შემდეგ სცენასთან შეკრებილი ხალხი

ჯიმ შელი იხსენებს, რომ 1969 წელს იმ სამი დღის განმავლობაში, მთელი ფესტივალის ტერიტორიაზე მარიხუანას და თივის სუნი იდგა.

"მე იმ დროისთვის ნარკოტიკებს არ მოვიხმარდი და ჰეტეროსექსული ვიყავი, სხვა არჩევანი მანამდე არც მქონდა. თუმცა, იქ ბევრი ადამიანი იყო, ვინც მარიხუანას ეწეოდა. მიუხედავად ამისა, მე არ ვყოფილვარ ერთადერთი, ვინც არ ეწეოდა. ხალხი თვლის, რომ ამას ყველა აკეთებდა, მაგრამ ეს ასე არ არის", - ამბობს ჯიმ შელი.

მისი თქმით, რაც უფრო გაიზარდა, მით უფრო დააფასა ფესტივალის მემკვიდრეობა.

"19 წლის ვიყავი, არ ვფიქრობდი რომ ამას ხანგრძლივი ეფექტი ექნებოდა ჩემს ცხოვრებაზე. თუმცა, ახლა ვხვდები რომ ეს ფესტივალი გახდა თავისუფლების სიმბოლო", - ამბობს ჯიმ შელი.

ფესტივალის ტერიტორიაზე მდინარეში ხალხი ბანაობდა

პატრიკ კოლუჩის თქმით, მას 1969 წელს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა რომ მღვდელი გამხდარიყო, თუმცა ამ საკითხს მაინც ეჭვქვეშ აყენებდა. ერთ დღესაც მან უცნობმა გოგომ შესთავაზა, რომ მის მანქანას მოტოციკლეტით ნიუ-იორკამდე გაყოლოდა. საბოლოოდ, გოგო კოლუჩისთან მოტოციკელტზე გადაჯდა და ბეტელამდე დარჩენილი ბოლო 16 კილომეტრი მათ ერთი მოტიციკლეტით გაიარეს და ვუდსტოკის ფესტივალზეც მივიდნენ.

"ფესტივალზე აღვირახსნილი თავისუფლების ეიფორიასა და ადრენალინს ჰაერში იგრძნობდით. უცბად ვიგრძენი, როგორ მომეხსნა ბორკილები მხრებიდან", - ამბობს პატრიკ კოლუჩი.

პატრიკ კოლუჩი და უცნობი გოგო, მარია ფესტივალის დასრულებიდან მალევე დაქორწინდნენ და ახლა შვილიშვილები ყავთ.

"თუ შენ ცოტათი მაინც მგავხარ მე, მაშინ ვუდსტოკის ტალახი შენს ფეხებზეც არის", - ამბობს პატრიკ კოლუჩი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები