საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო: გუგუტიანთკარში დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ხვალ, 16 აგვისტოს ჩავალთ

0 კომენტარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმირ კონსტანტინიდი სოფელ გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების მონტაჟის განახლებაზე განცხადებას ავრცელებს. 

მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად, დიპლომატიური კორპუსი გუგუტიანთკარში ხვალ ჩავა.

მისი თმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო სამუშაოების დაწყებისთანავე აამოქმედა ყველა ბერკეტი და გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას.

"7 აგვისტოსვე გააკეთა განცხადება და ოფიციალური კომენტარი, გაიმართა პირველი შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან; შედგა კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან;

8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს საოკუპაციო ხაზზე ბორდერიზაციის უკანონო პროცესი და მისი მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის; იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა მკაცრი განცხადება და დაგმო საოკუპაციო ძალების მოქმედებები; იყო გამოხმაურებები  სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც. გუშინ სამინისტრომ კვლავ გააკეთა ოფიციალური განცხადება და გამართა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. უცხოელ პარტნიორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ.

  • ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან:
  • მუდმივ კონტაქტზე ვართ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან​
  • აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან
  • რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.
  • საქართველოს საელჩოებს დავალებული აქვთ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება.

საერთაშორისო პარტნიორები, განაგრძობენ ჩვენთან აქტიურ თანამშრომლობას და შესაბამის რეაგირებას. კერძოდ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი"- თქვა საგარეოს წარმომადგენელმა. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები რამდენიმე დღეა, მავთულხლართებს ამონტაჟებენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოკუპანტები მათ ნათესებში ძელებს არჭობენ და საოკუპაციო ხაზს წევენ. სოფელში ქართველი სამართალდამცველები პატრულირებენ. 

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ დილიდან ორჯერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული"- აცხადებენ სუს-ში. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა, თუმცა საღამოს შეჩერდა. 

ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა. უწყების თქმით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები