რუსული ოკუპაცია

ციხელაშვილი გუგუტიანთკარზე: იმის მანიფესტია, რომ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ

სოფელ გუგუტიანთკარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა. მისი თქმით, გავლებული მავთულხლართები დამატებითი დაძაბულობის შექმნას ემსახურება.

"უკანონო ბარიკადები და მავთულხლართები, ეს არ არის ახალი მოვლენა, რაც დღეს ხდება გუგუტიანთკარში, ეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, არის მანიფესტი იმისა, რომ ძალიან ცოცხალი, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და პროცესი 2008 წლის ზუსტად ამ თვიდან, აგვისტოდან დაიწყო ფაქტობრივად, უშუალოდ ასეთი შეღობვები 2009-2011 წლებში იყო, 2013 წელსაც იყო ასეთი მსხვილი ეპიზოდები. ჩვენი ქვეყნის შუაგულში 100-ზე მეტი სოფელი სხვადასხვა ფორმით არის გახლეჩილი. აშკარაა, მე დღეს რაც აქ ვნახე, უკვე გავლებულია მავთულხლართები, მეორე რიგის ბარიკადების მშენებლობა სხვას არაფერს ემსახურება თუ არა დამატებით დაძაბულობის შექმნას, ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომაა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, რომ მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ზარალი ან ზიანი, რომელიც მათ მიადგა, დადგინდეს და "რა თქმა უნდა, გაძლიერდეს მოსახლეობის გვერდში დგომა". 

"თქვენ იცით, რომ 5 წლის განმავლობაში ჩვენ ყველა სოფელს, რომელიც არის მავთულხლართების გასწვრივ, ვეხმარებით და ვცდილობთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებები, რაც მათ დაგროვილი ჰქონდათ წინა წლებში, ამ საჭიროებებს ვუპასუხოთ, იქნება ეს გაზი, წყალი თუ განათლების დაფინანსება და ასე შემდეგ. მხარდაჭერა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება ამ სოფელში და მიმდებარე სოფლებშიც, სადაც არანაკლები პრობლემებია. სახელმწიფო მხოლოდ გააძლიერებს ადამიანების დახმარებას, ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ მე ვარ დარწმუნებული, ასეთი შეუპოვრობით, მშვიდობით, ძალიან პრინციპული პოლიტიკით, მაგრამ პირველ რიგში, ამ ადამიანების გვერდში დგომით და ამ ადამიანების ასეთი შეუპოვრი დამოკიდებულებით, ჩვენ შევძლებთ, რომ ეს მახინჯი მავთულხლართები დავშალოთ"- ამბობს მინისტრი. 

რადიო თავისუფლების კითხვაზე, დგება თუ არა საკითხი, რომ 2019 წელს ორი ოჯახი იძულებით გადაადგილებული პირი გახდება, ციხელაშვილი პასუხობს, რომ სოფელში რამდენჯერმე იკითხა, თუმცა კონკრეტული პასუხი არ მიუღია. 

"თუმცა ვადგენთ, იმიტომ, რომ აშკარაა, რომ რაღაც მონაკვეთებში არის ბოძები ცაყრილი და მახინჯი, უხეში კონსტრუქციები გაკეთებული"- აღნიშნა მან. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები რამდენიმე დღეა, მავთულხლართებს ამონტაჟებენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოკუპანტები მათ ნათესებში ძელებს არჭობენ და საოკუპაციო ხაზს წევენ. სოფელში ქართველი სამართალდამცველები პატრულირებენ. 

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ დილიდან ორჯერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული"- აცხადებენ სუს-ში. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა, თუმცა საღამოს შეჩერდა. 

ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა. უწყების თქმით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

კომენტარები