რუსული ოკუპაცია

გორის მერი გუგუტიაანთკარში მას შემდეგ ჩავა, რაც გონიოში დაისვენებს

Facebook/ კონსტანტინე თავზარაშვილი

შიდა ქართლის ადგილობრივი მედიის qartli.ge-ის ცნობით, გორის მერი გუგუტიაანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა, რომელსაც გონიოში ატარებს. 

სააგენტოსთან საუბარი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ გუგუტიაანთკარში მიმდინარე პროცესების შესახებ იცის და ადგილზე არსებულ ვითარებას გორში დაბრუნების შემდეგ გაეცნობა. 

"ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმიდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიაანთკარში,"- თქვა თავზარაშვილმა. 

qartli.ge-ისვე ცნობით, თავზარაშვილი შვებულებას აჭარის რეგიონში, გონიოში ატარებს.

ტაბულა შეეცადა გორის მერთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. გორის მერიის პრესსამსახურში კი დაგვიდასტურეს, რომ თავზარაშვილი ნამდვილად შვებულებაში იმყოფება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა, თუმცა საღამოს შეჩერდა. 

ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა. უწყების თქმით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

კომენტარები