რუსული ოკუპაცია

ბახტაძე: ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს დავეხმაროთ

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე "ტყუილს და დეზინფორმაციას" უწოდებს განცხადებებს, რომ მავთულხლართების მონტაჟის განახლების შემდეგ, სოფელ გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. მისი მტკიცებით, სახელმწიფო უწყებების წარმომადგემლები ადგილზე იყვნენ 24-საათიან რეჟიმში.

“ჩემი თხოვნით, იქ იმყოფებოდა როგორც ქეთი ციხელაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იყო ჩასული დიპლომატიური კორპუსი და სამწუხაროდ, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. სამწუხაროდ, გრძელდება ე.წ ბორდერიზაციის პროცესი.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოკუპაცია და ე.წ ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგეობრობის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ.

სწორედ ამას ემსახურება ის, რომ პირველივე დღიდან ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია, რათა როგორმე შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი. რის საფუძველზე ამბობთ, რომ ეს საკითხ ირომელიმე ფორმატში კრიტიკულად არ დავსვით?! რამდენიმე დღის წინ გაეროში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. გაეროს ტრიბუნა არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ეს პრობლემა შეიძლება დაისვას. თქვენ აგრძელებთ დეზინფორმაციის კამპანიას. ჩვენი უწყებები პირველივე დღიდან იყვნენ იქ და იმყოფებოდნენ ჩვენი მოქალაქეების გვერდით”,- განაცხადა პრემიერმინისტრმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

რამდენიმე დღეა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების და ძელების მონტაჟი განაახლეს. მათ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. 16 აგვისტოს, TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ერთერთ ოჯახს ერთი თვის ვადაში ახალ სახლს აუშენებს.

კომენტარები