საარსებო მინიმუმი

ბახტაძე საარსებო მინიმუმზე: ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება

"ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კითხვას, რომელიც საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხებოდა. 

“წინა სტატისტიკის გამოქვეყნების დროსაც განვაცხადეთ, რომ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც “საქსტატი” ითვლის ამ ყველაფერს. ამაზე საქსტატმა უნდა გასცეს დეტალური პასუხი. ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება” - განაცხადა პრემიერმა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 ივლისის თვისთვის შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი მაისთან შედარებით 0.9 ლარით შემცირებულია და 187.2 ლარს შეადგენს. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 1.3 ლარით შემცირდა და ივლისისთვის 265.2 ლარია, სამსულიანის კი, 1.4 ლარით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით და 298.4 ლარს შეადგენს.

შემცირდა ოთხსულიანი და ხუთსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმიც, შესაბამისად 1.6 და 1.8 ლარით. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით 331.5 ლარია, ხუთსულიანისთვის კი 373 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

"2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."

კომენტარები