აშშ - ირანი

აშშ-ის სასამართლომ ირანული ნავთობტანკერის დაკავების ორდერი გამოსცა

Grace 1
REUTERS

16 აგვისტოს აშშ-ის სასამართლომ გიბრალტარში ირანული ტანკერის Grace 1 დაკავების ორდერი გამოსცა.

4 ივლისს გიბრალტარში ბრიტანეთის სამხედრო ძალების დახმარებით ირანული ნავთობტანკერი სირიისთვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დააკავეს.

15 აგვისტოს გიბრალტარის სასამართლომ დაკავების შესახებ ბრძანება მას შემდეგ გააუქმა, რაც გიბრალტარის პრემიერმინისტრის ფაბიან პიკარდოს თქმით, თეირანისგან გარანტია მიიღო, რომ ტვირთი სირიაში არ წავიდოდა.

ტანკერი 2,1 მილონ ბარელ ნავთობს ატარებს. ორდენში აშშ-ის მხარემ ასევე აშშ-ის ბანკში 999 950 აშშ დოლარის დაყადაღება მოითხოვა, რაც ირანულ კომპანიას Paradise Global Trading LLC უკავშირდება. 

პროკურორ ჯესი ლიუს თქმით, "სქემა მოიცავს ირანის რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებულ მრავალ პარტიას". ირანის რევოლუციური გვარდია აშშ-ის ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში შედის.

"კომპანიების ქსელმა, სავარაუდოდ, მილიონობით დოლარი გამოყო ასეთი გადაზიდვების მხარდასაჭერად," - თქვა პროკურორმა.  

აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მხარეებს სხვა კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 

გასულ თვეს სათევზაო გემთან შეჯახების ბრალდებით ჰორმუზის სრუტეში დააკავეს ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი. მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

ირანის მიერ ტანკერის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გიბრალტარში ბრიტანეთის სამხედრო ძალების დახმარებით ირანული ნავთობტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დააკავეს.

დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მათი ნავთობტანკერის დაკავების განსახილველად აშშ-სა და საფრანგეთის სამხედრო წარმომადგნლები მიიწვია, სადაც ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო მისიის შექმნა განიხილეს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ირანის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ირანულ ტანკერში გაცვლა გამორიცხა.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებსაც პოლიტიკური ნება აქვთ და გეგმას მხარს უჭერენ.

5 აგვისტოს გაერთიანებული სამეფო აშშ-ს სპარსეთის ყურის საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების მისიას უერთდება, რათა დაიცვას გემები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიან.

კომენტარები