რუსეთი

მოსკოვში ათასობით კომუნისტი "სამართლიან არჩევნებს" მოითხოვს

lentach

Tass-ის ინფორმაციით, 17 აგვისტოს ათასობით კომუნისტი მოსკოვში ანდრეი სახაროვის გამზირზე მიტინგზე "სამართლიანი არჩევნებისთვის, კანონის უზენაესობისთვის და მოქალაქეების სოციალური უფლებებისთვის" გამოვიდა. 

მედია წერს, რომ მთავრობასთან შეთანხმებულ მიტინგზე, დაახლოებით, 4 000 ადამიანი მივიდა. 

კომუნისტების ლიდერის გენადი ზუგანოვის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მომავალი არჩევნების შედეგად ეროვნულ-პატრიოტული ძალები უფრო ფართოდ იქნებოდნენ წარმოდგენილი. 

Levada ცენტრის უკანასკნელი გამოკითხვის ინფორმაციით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე კომუნისტურ პარტიას ამომრჩეველთა 11% დაუჭერდა მხარს.

ოპოზიციის გადაწყვეტილებით, 17 აგვისტოს მათი აქცია არ ჩატარდა, თუმცა პარალელურად მოსკოვის ქუჩებში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი ან სამოქალაქო აქტივისტი ინდივიდუალურად აპროტესტებს და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი. 

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია. პოლიციამ 3 აგვისტოს აქციაც ძალადობრივად დაშალა. ODV-ის მონაცემებით 1002 პირი დააკავეს.

10 აგვისტოს მოსკოვში მასშტაბური საპროტესტო აქციის დროს 220-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციის ორგანიზატორთა ცნობით, მოსკოვის ცენტრში 50 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

კომენტარები