მცოცავი ოკუპაცია

ქუთელია გუგუტიანთკარზე: ხელისუფლება ასეთი კრიზისებისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია

medianews.ge

თავდაცვის სფეროს ექსპერტი ბათუ ქუთელია გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტების მიერ საზღვრის უკანონო გადმოწევას და ამაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება. 

ქუთელიას შეფასებით, წარსული აჩვენებს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები, როგორც წესი, საქართველოში მომხდარ პოზიტიურ მოვლენებს ემთხვევა ხოლმე, რათა ოკუპანტებმა ნეგატიური ფონი შექმნან. ქუთელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ეს გათვლილი უნდა ჰქონოდა და წინასწარ უნდა ეფიქრა იმაზე, თუ რას მოიმოქმედებდა მსგავს სიტუაციაში. 

"ეს რუსული ქმედებები, ისტორიული გამოცდა ადასტურებს, რომ ემთხვევა გარკვეულ პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის მოვლენებს, პოზიტიურ მოვლენებს საქართველოში იმისთვის, რომ ალტერნატიული ნეგატიური ფონი შექმნან, მაგალითად, როდესაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნები, ან არის მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. ამიტომ წესით, ეს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, მათ მეტნაკლებად გათვლილი უნდა ჰქონდეთ ეს ქმედებები და, შესაბამისად, მასზე რეაქცია. მერე რა უნდა იწყებდნენ ფიქრს, რომელი მინისტრი ჩავიდეს, რა განცხადება გააკეთოს ან გააკეთოს, თუ არა, რუსეთი ახსენონ, არ ახსენონ და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოსახლეობაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს იმიტომ, რომ ჩვენი, როგორც მოსახლეობის განცდა არის, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოუმზადებელი ასეთი ტიპის კრიზისებისთვის, რომელსაც რუსეთი ქმნის მაშინ, როდესაც ის მის პოლიტიკურ ინტერესებშია"- ამბობს ბათუ ქუთელია. 

რამდენიმე დღეა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების და ძელების მონტაჟი განაახლეს. მათ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. 

კომენტარები