მცოცავი ოკუპაცია

გორის მაჟორიტარი გუგუტიანთკარში მერის არჩასვლაზე: რომ გაეგო, ჩამოვიდოდა

გორში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ არ იცის სად არის გორის მერი და ის, შესაძლოა, ქვეყანაში არც იყოს. 

ასე უპასუხა მან რუსთავი 2-ის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიდის გუგუტიანთკარში კონსტანტინე თავზარაშვილი. 

"თუ ქვეყანაშია, საქართველოშია, ამ ამბავს გაიგებდა და ჩამოვიდოდა და თუ ახლა საზღვარგარეთ არის გასული, შეიძლება არც იცის,"- პასუხობს მაკრახიძე. 

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებას აჭარის რეგიონში, კერძოდ გონიოშო ატარებს. 16 აგვისტოს მან შიდა ქართლის ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი გაგრძელდა. 

საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს 3-დღიანი ვადა მისცეს. 

არც საქართველოს პრეზიდენტი, არც საქართველოს პრემიერმინისტრი და არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადგილზე არ მისულან, სამაგიეროდ ჩავიდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებაც არ გაუკეთებია. 

კომენტარები