ტვ იმედის ფილმი

ნოდია: ნიკა ლალიაშვილისგან მამარდაშვილის სახელის მოხმობა სრული ცინიზმია

0 კომენტარი

პოლიტიკური მიმომხილველი გია ნოდია იმედის გენერალური დირექტორის, ნიკა ლალიაშვილის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ იმედზე გასული პრორუსული ფილმის ავტორი მერაბ მამარდაშვილია. 

ნოდია წერს, რომ სავარაუდოდ, ლალიაშვილი ფილოსოფოსის ცნობილ გამონათქვამს "ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას" გულისხმობდა, თუმცა მისი მხრიდან მამარდაშვილის მოხმობა დიდი ცინიზმია. 

"ვნახე, რომ ნიკა ლალიაშვილი თავის ფილმთან დაკავშირებით მერაბ მამარდაშვილის სახელით სპეკულირებს. როგორც მესმის, მას მერაბის ის მოსაზრება აქვს მხედველობაში, რომ ხანდახან ჭეშმარიტების თქმა შეიძლება „არაპატრიოტულად“ გამოიყურებოდეს და ამის გამო ვიღაცეების რისხვა გამოიწვიოს, მაგრამ მაინც ჭეშმარიტებას უნდა მიანიჭო უპირატესობა.

მერაბს ნამდვილად ასე სწამდა და მას ამაში სრულიად ვეთანხმები. ის, სხვათა შორის, სულაც არ გულისხმობდა, რომ სიმართლის თქმით შენს ერს ავნებ, მისი ინტერესების წინააღმდეგ მიდიხარ. არა, თუ შენი ხალხის უმრავლესობა ცდება, უნდა გეყოს ვაჟკაცობა და სიმართლე უთხრა, თუნდაც ამის გამო ტალახი გესროლონ და ათასი იარლიყი მოგაწებონ. ის სწორედ ასე იქცეოდა და ჩემთვის ამ მხრივ სანიმუშო იყო.

ოღონდ ბატონი ლალიაშვილისგან მერაბის სახელის მოხმობა სრული ცინიზმია. მას და არხს, რომელმაც მისი ფილმი გაუშვა, ჭეშმარიტებაც და ეროვნული ინტერესიც თანაბრად "კიდიათ". ისინი ემსახურებიან ხელისუფლებას, რომელსაც მხოლოდ თავისი პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაცია უნდა და ამ მიზნის მისაღწევად ტყუილის და მართლის გარჩევას საერთოდ არ თვლის საჭიროდ. ვერც მათ რუსეთთან პირდაპირ კოორდინაციას გამოვრიცხავ, თუმცა ამის საბუთი არ მაქვს,"- წერს გია ნოდია. 

ფილმი, სახელწოდებით "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტვ იმედმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ გაიგო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიეღო.

რამდენიმე დღის განმავლობაში ფილმის ავტორის ვინაობა უცნობი იყო, თუმცა 14 აგვისტოს იმედის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა, თქვა, რომ ფილმის პროდიუსერი თვითონაა, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია. 

ფილმი გააკრიტიკა, როგორც ოპოზიციამ, ისე მედია ექსპერტებმა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ მასში ვერაფერს ხედავენ პრორუსულს. 

15 აგვისტოს კი ფილმს იმედის საინფორმაციო სამსახურში მომუშავე ჟურნალისტებმა გააპროტესტეს. ისინი Facebook-ის გვერდზე ერთნაირ ტექსტს აქვეყნებენ და წერენ, რომ ემიჯნებიან ფილმის "ერთ-ერთ მთავარ ხაზს". იმავე დღეს კი ფილმი Facebook გვერდიდან წაიშალა, თუმცა დარჩა YouTube-ზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები