ელ-პასო

ელ-პასოში სროლისას დაღუპულის ქმრის გასამხნევებლად ასობით ადამიანი მივიდა

GETTY IMAGES / BBC

კაცთან, რომელმაც ცოლი ელ-პასოში მასობრივი სროლისას დაკარგა, გასამხნევებლად ასობით ადამიანი მივიდა. 

14 აგვისტოს ანტონიო ბასკომ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მისი ცოლის დასაფლავების ცერემონიას დასწრებოდნენ, რადგან მისი ცოლი ერთადერთი ოჯახი იყო, რომელიც ჰყავდა. 

ბასკო ნახევრად ცარიელ ეკლესიას ელოდა, თუმცა მოულოდნელად მან აღმოაჩინა იმ ადამიანების გრძელი რიგი, რომლებსაც ეკლესიაში სურდათ შესვლა. ადამიანები სხვადასხვა ქალაქებიდან და შტატებიდან ჩაფრინდნენ ბასკოს გასამხნევებლად. ამ დღეების განმავლობაში კი ის უამრავ წერილს იღებდა იმ ადამიანებისგან, ვინც მისი ისტორია Facebook-ზე წაიკითხეს. 

ანტონიო ბასკოს ცოლი მარჯი რეკარდი ერთერთი იყო იმ 22 ადამიანიდან, რომელიც 3 აგვისტოს სუპერმარკეტ Walmart-ში მასობრივი სროლის დროს მოკლეს. ბასკო და მისი ცოლი 22 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. 

KFOX 14-თან საუბრისას ბასკომ თქვა, რომ მისი ცოლი "არაჩვეულებრივი ქალბატონი" იყო. 

"როდესაც შევხვდი, ის ანგელოზივით იყო და დღემდე ასეა. იმას ვგულისხმობ, რომ არაა საჭირო მაინცდამაინც ელაპარაკო, შეგიძლია, უბრალოდ, გაიხსენო, როგორი იყო, როგორ იქცეოდა, როგორ წარმოაჩენდა თავს. როდესაც პირველად შევხვდით, ერთმანეთის მიმართ ერთნაირი გრძნობები გაგვიჩნდა და მას შემდეგ ერთად ვიყავით. ჩვენი გეგმა იყო, რომ ერთად გვეცხოვრა და ერთად მოვმკვდარიყავით," - ამბობს ბასკო.

კომენტარები