საოკუპაციო ხაზი

საგარეო: გუგუტიანთკარის ფონზე 7 ადამიანის გატაცება ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაა

0 კომენტარი
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კონსტანტინიდი ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან 7 ადგილობრივის გატაცებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს მოქალაქეების გატაცება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობაა. 
 
"იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას.
 
საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში,"- წერს საგარეო უწყება. 

სამინისტროს ცნობით, მათ გაააქტიურეს ცხელი ხაზი და დაუკავშირდნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს. მათივე ცნობით, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 
  
"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა.
 
მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად,"- წერია განცხადებაში. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი გაგრძელდა. 

საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს 3-დღიანი ვადა მისცეს. 

არც საქართველოს პრეზიდენტი, არც საქართველოს პრემიერმინისტრი და არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადგილზე არ მისულან, სამაგიეროდ ჩავიდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებაც არ გაუკეთებია. 

17 აგვისტოს კი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბნიდან რუსმა სამხედროებმა 7 ადამიანი გაიტაცეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები