გიორგი ანწუხელიძე

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

გიორგი ანწუხელიძე
Wikipedia

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს, 18 აგვისტოს 35 წლის გახდებოდა. 

უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთერთი მათგანი იყო. 

2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს. 

2009 წელს გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ის "სამშობლოსთვის თავდადებულის" მედლით დააჯილდოვა. 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა. 2013 წლის 2 ნოემბერს„თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. გასულ წელს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებრივი მედალი "გიორგი ანწუხელიძე" დაამტკიცა, რომლითაც 13 სამხედრო დააჯილდოვა.

დღეს ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მინისტრმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო, გიორგი ანწუხელიძის გმირობის ისტორია გაიხსენა და მის ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა. ძმათა სასაფლაოზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა გიორგი ანწუხელიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

კომენტარები