ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4,3%-მდე შეამცირა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0,3%-ით, 4,3%-მდე შეამცირა. ამის შესახებ კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი.

კომპანიის მიერ მომზადებულ წინა მიმოხილვაში, ვარაუდობდნენ, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,6%-ით გაიზრდებოდა. პროგნოზის შემცირების მთავარ მიზეზად, რუსეთის მხრიდან შემოღებული ავია სანქციები და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება სახელდება.

მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ფულადი რეზერვები ჩამოუვარდება ამ ჯგუფის ქვეყნებისთვის რეკომენდირებულ მაჩვენებელს. ამ დროისთვის საქართველოს ფულადი რეზერვები 3,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მომდევნო კვარტლებში ფულადი რეზერვები 3,7 მილიარდ დოლარამე მაინც გაიზრდება, რაც საშუალოდ საქართველოში განხორციელებული იმპორტის 4.3 თვეს ფარავს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა, აღემატება საქართველოს ჯგუფის ქვეყნებისთვის რეკომენდირებულ საშუალო მაჩვენებელს. Fitch-ში საგარეო ვალის წილის შემცირებას ელოდებიან.

ამასთანავე, 2020-2021 წლებში საქართველის ეკონომიკის 4,7%-იან ზრდას ვარაუდობენ. კვლევაში ნათქვამია, რომ კლების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მოსალოდნელი ტემპი აღემატება საქართველოს ჯგუფის საშუალო მაჩვენებელს. 

წინა წელს საქართველო რეიტინგის BB საფეხურამდე დაწინაურდა, ზრდის პროგნოზის შემცირებას ამ შეფასებაზე გავლენა არ ქონია. 

ცნობისთვის წინა თვეში საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა ეროვნულმა ბანკმაც 5%-იდან 4,5%-მდე, ასევე 4,7%-იდან 4,3%-მდე შეამცირდა პროგნოზი TBC Capital-მაც.

კომენტარები