საქართველოს ეკონომიკა

ირანიდან მოთხოვნის შემცირების გამო საქართველოს ეკონომიკა 80 მილიონ დოლარს დაკარგავს

0 კომენტარი

ანალიტიკურმა ცენტრმა, TBC CAPITAL-მა, თბილისის სამშენებლო სექტორის, 2019 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, ირანიდან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინტერესის კლების გამო, მხოლოდ თბილისში სამშენებლო სექტორი 80 მილიონ დოლარს იზარალებს.

კვლევიდან ირკვევა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს არარეზიდენტი პირების მიერ შეძენილი ქონების წილი, ჯამურად გაყიდულ უძრავ ქონებაში 13%-დან 8%-მდე შემცირდა. ამ კლების მთავარ მიზეზად კი სწორედ, ირანიდან მოთხოვნის შემცირება სახელდება.

სულ 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 16,296 ბინა გაიყიდა, აქედან 1,303 ბინა კი უცხოეთის მოქალაქეებზე მოდის. 2019 წლის პირველ ნახევარში, არარეზიდენტების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების 33% ირანის მოქალაქეებზე მოდის, მეორე ადგილზე 19%-ით რუსეთის მოქალაქეები არიან, სამეულს 13%-ით ევროპელი მოქალაქეები ხურავენ. გაზრდილია მოთხოვნა ისრაელის მოქალაქეების მხრიდან და ჯამურად მათი წილი 9%-ით განისაზღვრა.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოეთის მოქალაქეების წილი არ გაიზარდა. მეტიც ამ მიმართულებით კლება საკმაოდ შთამბეჭდავია და წინა წელთან შედარებით 54-ია.

  • 2015 წელი — 3%;
  • 2016 წელი — 4%;
  • 2017 წელი — 6%;
  • 2018 წელი — 13%;
  • 2019 წელი — 8%.

კლების მიზეზი ირანი

2015-2019 წლებში, არარეზიდენტებზე გაყიდული უძრავი ქონების 42%, სწორედ ირანის მოქალაქეებზე მოდიოდა. ეს მაჩვენებელი ამ დროის განმავლობაში დინამიური ზრდით გამოირჩეოდა.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევა არ ასახელბს თუ რა გახდა ირანიდან მოთხოვნის შემცირების მიზეზი, თუმცა სავარაუდო მიზეზების პოვნა არ გაჭირდება, თუ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოვლენებს გავყვებით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისში რეკორდულად შემცირდა ირანელი ტურისტების რაოდენობა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს 21 ათასით ნაკლები ირანელი ესტუმრა. 

ტურისტული ნაკადის კლებამ ირანიდან, თითქმის ორჯერ გადააჭარბა კლებას რუსეთიდან საიდანაც საქართველოში 10 ათასით ნაკლები ტურისტი ჩამოვიდა. უნდა ითქვას, რომ ირანელი ტურისტების შედარებით მაღალი ხარჯვიანობით გამოირჩევიან. საშუალოდ ერთი ირანელი ტურისტის დანახარჯი 2,116 ლარია, რაც ასევე, თითქმის ორჯერ აღემატება რუსი ტურისტების საშუალო დანახარჯს 1253 ლარი.

საქართველოში ირანელი ტურისტების შემცირების მიზეზი, სავარაუდოდ საქართველოს საზღვრებიდან ირანის მოქალაქეების გაბრუნების გახშირებული შემთხვევებია. ამასვე ადასტურებს ირანის ელჩი საქართველოში და ამბობს, რომ საზღვრიდან გაბრუნების ხშირი შემთხვევები არის ის მიზეზი რის გამოც, ირანის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აღარ აქვთ.

სულ მიმდინარე წელს, საქართველოს საზღვრებიდან 13,165 ადამიანი გააბრუნეს, აქედან 5,656 (42%) კი სწორედ, ირანის მოქალაქეა. ამ რიცხვების უხეში გადაანგარიშებით საქართველოს ეკონომიკის დანაკარგი, დაახლოებით, 12 მილიონი ლარია. 

ბოლო წლების განმავლობაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალ გადაადგილებას პრობლემები ექმნება. 2014 წლის პირველს სექტემბერს, მაშინდელმა ხელისუფლებამ 24 სახელმწიფოსთან, რომელთანაც მანამდე უვიზო ან გამარტივებული რეჟიმი მოქმედებდა, სავიზო რეჟიმი დააწესა. მათ შორის იყო ჩინეთი და ირანი.

მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ნაბიჯს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებით ხსნიდნენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ შეზღუდვები გამარტივდა და საბოლოოდ მოიხსნა კიდეც. 

ამ პერიოდში საქართველოს ტურისტულმა სექტორმა მნიშვნელოვანი დანაკარგები ნახა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, მხოლოდ ირანთან და ჩინეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებამ საქართველოს ეკონომიკას 100 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. 

ირანიდან უძრავი ქონებისა და ტურისტული ნაკადის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, დიდი ალბათობით, საქართველოს საზღვრებზე შექმნილი გაუგებარი ვითარებაა. ირანული კაპიტალის შემცირებით, მხოლოდ წელს და მხოლოდ თბილისის უძრავი ქონების ბაზარს 80 მილიონი დოლარის ზარალი მიადგება. შედარებისთვის ეს თანხა, დაახლოებით იმდენივეა, რაც 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ღირებულება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები