ოკუპაცია

აქტივისტებმა გორის მერის სახლთან აქცია გამართეს და მისი გადადგომა მოითხოვეს

რადიო მოზაიკა

აქტივისტებმა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. 

მათ აქ საპროტესტო ტრანსპარანტები მიიტანეს, წარწერებით: "კოტე, ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს", "კოტე, შენ ხარ სამარცხვინო მერი" და სხვა. 

ასევე, თავზარაშვილის სახლის ჭიშკარზე ჩამოკიდეს ბუშტები, რომლებზეც საბჭოთა სიმბოლიკა იყო გამოსახული. 

კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებას აჭარის რეგიონში, კერძოდ გონიოში ატარებდა. 16 აგვისტოს მან შიდა ქართლის ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი გაგრძელდა. 

საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს 3-დღიანი ვადა მისცეს.

კომენტარები