სუს

სუს-ი გეგიძეზე: გამოძიება მის წინა სამსახურს უკავშირდება, მოწმის სახითაა დაბარებული

0 კომენტარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატ ბიძინა გეგიძის უწყებაში დაბარება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. 

სუს-ისვე ცნობით, გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გეგიძე მოწმის სახითაა დაბარებული, 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. 

"ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11 საათზე. აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება," - აცხადებს სუს-ი. 

მანამ, სანამ გეგიძე პარლამენტის წევრი გახდებოდა (2014-2016 წწ) ის საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

სუს-ში დაბარების შესახებ დეპუტატმა 18 აგვისტოს საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, თუმცა მას არ განუმარტავს, რასთან დაკავშირებით იბარებენ. 

"მოგესალმებით. ყოველგვარი შესავლის გარეშე გაცნობებთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებული ვარ სუს - ში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო). ამ დღეებში ვაპირებ მისვლას!", - დაწერა მან. 

ბიძინა გეგიძის ამ განცხადებას წინ უძღოდა ჯერ 25 ივნისს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ შს მინისტრ გიორგი გახარიას ადგილას რომ ყოფილიყო, გადადგებოდა, რადგან "შედეგი არის დასახიჩრებული ადამიანები, რომლებზეც პასუხისმგებლობა გახარიას ეკისრება". 

ხოლო მოგვიანებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიასთვის, იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა. გეგიძე კენჭისყრაზე არ მივიდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა მომგებიანი არავისთვის იყო. 

"გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღება სწრაფ რეჟიმში მოხდა. პარლამენტში პროცესის წარმართვა მოუმზადებლად მომეჩვენა, საკითხის სწრაფად გავლა მოხდა, რაც ორდინარული საკითხი არ არის, როცა დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზეა საუბარი" - თქვა მაშინ გეგიძემ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები