ირანი

აშშ-ის მიერ გაცემული დაკავების ორდერის მიუხედავად გიბრალტარმა ირანული ტანკერი გაათავისუფლა

Reuters

აშშ-ის მიერ გამოცემული დაკავების ორდერის მიუხედავად გიბრალტარმა ირანული ნავთობტანკერი გაათავისუფლა. ტანკერი ამჟამად ხმელთაშუა ზღვაშია და საბერძნეთისაკენ მიემართება.

ოფიციალური თეირანი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ტანკერი ხელახლა დაკავების მცდელობას მძიმე შედეგები მოჰყვება და საზღვაო ვაჭრობას საფრთხეს შეუქმნის.

შეგახსენებთ, რომ ტანკერი გიბრალტარმა დიდი ბრიტანეთის ძალების დახმარებით 4 ივლისს დააკავა, რადგან მიაჩნდათ, რომ ის სირიისათვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. ტანკერს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი გადაჰქონდა.

ამის შემდეგ, გასულ თვეს სათევზაო გემთან შეჯახების ბრალდებით ჰორმუზის სრუტეში დააკავეს ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი. მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მათი ნავთობტანკერის დაკავების განსახილველად აშშ-სა და საფრანგეთის სამხედრო წარმომადგნლები მიიწვია, სადაც ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო მისიის შექმნა განიხილეს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ირანის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ირანულ ტანკერში გაცვლა გამორიცხა.

ირანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სანამ ირანული ხომალდი ქვეყანაში დაბრუნდება ბრიტანეთმა კრიზისის გადაჭრას ხელი უნდა შეუწყოს.

გიბრალტარმა ირანული გემის გათავისუფლების გადაწყვეტილება გასულ ხუთშაბათს მიიღო, მას შემდეგ, რაც გიბრალტარის პრემიერმინისტრმა ფაბიან პიკარდომ თქვა, რომ თეირანისგან გარანტია მიიღო, რომ ტვირთი სირიაში არ წავა. თუმცა, მომდევნო დღეს ვაშინგტონის სასამართლომ ტანკერის დაკავების ორდერი გამოსცა. აშშ-ს ტანკერის დაკავება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიასთან კავშირის საფუძველზე სურს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მიმდინარე წელს შეიყვანეს.

გიბრალტარის ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, რომ ამ თხოვნას არ დაემორჩილებიან, რადგან ევროკავშირის კანონების ფარგლებში მოქმედებენ.

აღსანიშნავია, რომ 12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებსაც პოლიტიკური ნება აქვთ და გეგმას მხარს უჭერენ.

5 აგვისტოს გაერთიანებული სამეფო აშშ-ს სპარსეთის ყურის საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების მისიას უერთდება, რათა დაიცვას გემები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიან.

კომენტარები