რუსული ოკუპაცია

გორის მერი: ოკუპანტებს ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას ჩვენს მიწაზე, მაგრამ პასუხი არ გამცეს

ტვ პირველი

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მან რუს ოკუპანტებს მოუწოდა, შეეწყვიტათ მავთულხლართების გაბმის და ბოძების დადგმის სამუშაოები, რომლებიც მათ სოფელ გუგუტიანთკარში კვლავ განაახლეს. თუმცა, მისი თქმით, ოკუპანტებმა პასუხი არ გასცეს. 

"ჩემთვის ძალიან რთული იყო ემოციურად ამ სიტუაციის ყურება, როცა ჩვენს მიწაზე იმყოფებიან და ღობავენ. მე მათთან მივედი, დაველაპარაკე, რატომ აკეთებდნენ ასეთ რამეს ჩვენს მიწაზე, მაგრამ პასუხი არ გამცეს, ზურგი შემაქციეს. ჩემი მოწოდება იყო, რომ შეეჩერებინათ ახლავე და უკან წაეღოთ ის, რასაც აკეთებდნენ, მაგრამ, ისევ ვიმეორებ, მათ ამაზე პასუხი არ გამცეს, ერთი ის თქვეს, რომ "ჩვენ ვასრულებთ ბრძანებას". ამიტომ, რა ვიცი, მთელი დღე აქ ვიქნები, ჩემს შესაძლებლობაში რაც შედის, ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებში იქნება, რომ ასეთი უკანონობები არ მოხდეს", - თქვა კოტე თავზარაშვილმა

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები დღეს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათი გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის წევრებს ასევე არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

კომენტარები