თურქეთი

თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირის ბრალდებით 3 ქალაქის მერი მოხსნეს

Reuters

თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირის ბრალდებით 3 ქალაქის მერი მოხსნეს და 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქების, დიარბაქირის, მარდინის და ვანის მერებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში და ტერორისტული ჯგუფის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

გამოძიების მიმდინარეობისას ისინი დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან. ისინი "ხალხის დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები არიან. სამივე მერმა ადგილობრივ არჩევნებში ხმათა 53-დან 63%-მდე მოიპოვა. ისინი მხარდამჭერებს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს თანადგომისაკენ მოუწოდებენ.

ამავდროულად, ქურთისტანის მუშათაპ პარტიასთან კავშირის ბრალდებით ქვეყნის 29 პროვინციაში პოლიციამ ჯამში 418 ადამიანი დააკავა.

ქვეყნის შინაგან საქმეთას სამინისტროში ამბობენ, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიამ მარტში გამართული ადგილობრივი არჩევნების საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება სცადა. არჩევნებამდე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მერობის 178 კანდიდატს ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირის არსებობის დასადგენად იძებდნენ.

ადგილობრივი არჩევნების დროს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაავრცელა გაფრთხილება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თურქეთში აკრძალულ და ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირების აღმოჩენის შემთხვევაში არჩეული ოფიციალური პირები თანამდებობებს დაკარგავდნენ.

ერდოღანს "ხალხის დემოკრატიული პარტია" არაერთხელ დაუდანაშაულებია ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირში და არჩევნების წინ ისინი გააფრთხილა, რომ თუ მათ შორის კავშირის არსებობა დადგინდებოდა, პარტიას აკრძალავდა. პარტიაში ბრალდებებს უარყოფენ.

2016 წელს გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 100-მდე მერი და პოლიტიკური პარტიების ათასობით წევრი დააპატიმრეს.

კომენტარები