რუსული ოკუპაცია

ზოიძე მთავრობის წევრების გუგუტიანთკარში არჩასვლაზე: მთავარია, რომ ყველაფერი კეთდება

აიპრესი

აკაკი ზოიძის თქმით, ოპოზიციის კრიტიკა, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები გორის სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან არ ჩადიან, რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, მთავარია, რომ ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს. 

"გააკეთებს პრეზიდენტიც განცხადებას. 

პრემიერმა არაერთი განცხადება გააკეთა, პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთი განცხადება გააკეთა. ეს ნარატივი არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა ოპოზიციის მხრიდან. ყველანაირი კომენტარი გაკეთდა. ჩვენმა სახელმწიფომ განაცხადა - საგარეო საქმეთა სამინისტრო არის სწორედ განმცხადებელი ჩვენი სახელმწიფო პოზიციის და ეს პოზიცია დაფიქსირდა და ყოველდღიურად ფიქსირდება, ყველა საჭირო ფორმატში მათ შორის ოფიციალური განცხადებებითაც. თუ იქ ვიღაც არ ჩავიდა კონკრეტულად და ისვენებს, ეს მიუღებელია, იყო საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელზე. ამას სხვა დატვირთვა აქვს მოსახლეობისთვის და ამ განწყობას ვიზიარებ, თითოეული საჯარო მოხედე უნდა იყოს ორიენტირებული, პირველ რიგში, მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე. 

მთავარი იყო, რომ გაკეთდა ყველაფერი, მთავარია ის ნაბიჯები გადავდგათ, შევაჩეროთ ბორდერიზაცია და მეორე, იმ ადამიანების პრობლემები გადავჭრათ, სოციალური იქნება თუ სხვა. კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე იყო საუბარი და არა კამერების წინ თავის მოწონებაზე, როგორც ამას ოპოზიცია აკეთებს", - თქვა აკაკი ზოიძემ. 

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები დღეს, 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათი გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის წევრებს ასევე არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

საქართველოს პრმიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან არ ჩასულან.

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ტბაზე დაისვენა. დღეს, 19 აგვისტოს მან თქვა, რომ "როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, გაგვაფრთხილებს". 

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი კი გონიოში ისვენებდა და ადგილზე გუშინ, 18 აგვისტოს ჩავიდა. 

კომენტარები