რუსული ოკუპაცია

თალაკვაძე მთავრობის გუგუტიანთკარში არჩასვლაზე: ოპოზიცია იქცევა სამარცხვინოდ

0 კომენტარი
ფოტო: არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან არ ჩადის, უპასუხისმგებლოდ და სამარცხვინოდ იქცევა. 

არჩილ თალაკვაძემ ეს ჟურნალისტებს ბახმაროში უთხრა, სადაც მუსიკალურ ფესტივალს ესწრება. 

"იმის ნაცვლად, რომ მათ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ხალხს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებით, ოპოზიციის ეს კონკრეტული ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ, ისინი არიან დაკავებულები თავისი ხელისუფლების, თავისი სახელმწიფოს ტალახის სროლით. აქ არიან ის ადამიანებიც, რომლებიც, პირდაპირ ჩანს, რომ ფარისევლური დამოკიდებულება აქვთ სამშობლოს მიმართ. რა დეოკუპაციაზეა საუბარი, როდესაც ზუსტად მაგ ხალხის პოლიტიკური პროვოკაციების გამო პირიქით, ხელშეწყობა ხდება ოკუპაციის, ხელშეწყობა ხდება იმის, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი პოზიციები გაიძლიეროს", - თქვა მან. 

ოპოზიციის, უფრო კონკრეტულად კი ევროპული საქართველოს წევრები ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ "სათანადოდ არ მუშაობენ დეოკუპაციის წინააღმდეგ, არ იყენებენ ყველა ბერკეტს და სწორედ ამისი ბრალია ოკუპანტების თავგასულობა". 

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები დღეს, 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათი გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის წევრებს ასევე არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

საქართველოს პრეზიდენტი, პრმიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან არ ჩასულან.

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა, დღეს კი გურიაში მუსიკალურ ფესტივალზეა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ტბაზე დაისვენა. დღეს, 19 აგვისტოს მან თქვა, რომ "როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, გაგვაფრთხილებს". 

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი კი გონიოში ისვენებდა და ადგილზე გუშინ, 18 აგვისტოს ჩავიდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები