დონალდ ტრამპი

ტრამპი ადასტურებს, რომ სტრატეგიული მიზნებისთვის გრენლანდიის შეძენას განიხილავს

დონალდ ტრამპი
USAtoday

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე გრენლანდიის შეძენა მართლაც სურდა, თუმცა თქვა, რომ მისთვის ეს მთავარ პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

"მას დანია ფლობს. ჩვენ დანიის კარგი მოკავშირეები ვართ, ჩვენ ვიცავთ დანიას ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილს. ამიტომ ეს იდეა წარმოიშვა და ვთქვი, რომ განვიხილავდი. ის სტრატეგიულად საინტერესოა და დაინტერესებულები ვართ, თუმცა ბევრ განხილვას არ ვგეგმავთ. არსებითად, ეს უძრავი ქონების დიდი გარიგებაა. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს." თქვა მან.

მან ასევე თქვა, რომ გრენლანდიის ფლობა დანიას აზარალებს და ამის გამო ყოველწლიურად 700 მილიონ აშშ დოლარს კარგავენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა მონაცემებს ეყრდნობოდა.

გრენლანდიის მთავრობაში ამბობენ, რომ ტერიტორია არ იყიდება, ხოლო დანიის პრემიერმინისტრმა ამ საკითხის განხილვას აბსურდი უწოდა.

"გრენლანდია არ იყიდება. გრენლანდია დანიური არაა. გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის. იმედი მაქვს, რომ ამას სერიოზულად არ ამბობენ." თქვა მეტტე ფრედერიკსენმა.

დონალდ ტრამპი დანიას ევროპის ტურის ფარგლებში სექტემბერში ეწვევა, თუმცა როგორც თავად პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრის მიზანს გრენლანდიაზე მოლაპარაკება არ წამოადგენს.

კომენტარები