გადაიღე საქართველოში

ხიდურელი: ჰოლივუდი უკვე აწარმოებს საქართველოში, მიდის მოლაპარაკებები სხვა პროექტებზეც

"ვულოცავ ყველას - ჰოლივუდი უკვე აწარმოებს საქართველოში" - სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ფორსაჟი 9-ის საქართველოში გადაღება. 

"პირველ რიგში, ეს არის ქვეყანაში დახარჯული 32 მილიონ ლარზე მეტი - ადგილობრივი სერვისების შეძენა, აღჭურვილობის დაქირავება, სასტუმროს ხარჯები, ხელფასები ადგილობრივად დასაქმებულებს, ტრანპორტის დაქირავება, ბაზირება (ექსპო ჯორჯია აქვთ აღებული 5 კვირით);

მეორე, ეს არის ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობა ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის, ვიღებთ ქვეყნის Placement-ს მსოფლიო ბლოგბასტერში, უფასოდ.

მესამე, ამ მასშტაბის ფილმის ქვეყანაში გადაღება ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს აუნთო მწვანე შუქი. ჩვენზე უკვე სხვა სტუდიოები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა.

რაც შეეხება cash rebate-ს, ჩვენი პროგრამის “გადაიღე საქართველოში” თანახმად, დახარჯული კვალიფიციური თანხის 20-25 % კინომწარმოებელ კომპანიას უბრუნდება უკან და რეალურად გადასახადის დაქვითვის ხარჯზე ხდება. ეს არის ძალიან კარგად აპრობირებული მექანიზმი და ბევრ ქვეყანაში უკვე იქცა კიდეც ეკონომიკის წამყვან ინდუსტრიად. აღარაფერს ვამბობ იმ უდიდეს გამოცდილებაზე, რასაც ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ აღიშნული პროექტში მონაწილეობის შედეგად. მიდის მოლაპარაკებები სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზე #გადაიღესაქართველოში" - წერს ხიდურელი Facebook-ზე.

ფორსაჟი 9-ის ერთერთი ეპიზოდის გადაღება თბილისში დღეს დაიწყო. გადაღებები 20 სექტემბრამდე, თბილისსა და რუსთავში გაგრძელდება, რის გამოც, მოძრაობა შეიზღუდა.

კომენტარები