20 ივნისის აქცია

წილოსანი გახარიაზე: მოსახლეობასთან ექვსივე შეხვედრაზე მთხოვეს, გადაეცი, არ წავიდესო

"ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ექვსივე შეხვედრაზე მთხოვეს, [გიორგი გახარიასთვის] გადამეცა, არ წავიდესო” - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით, Facebook-ზე დაწერა. აქტივისტებმა გიორგი გახარიას გადადგომა ბახმაროშიც მოითხოვეს და ფერისცვალების დღესასწაულზე პლაკატი "წადი" გამოაკრეს.

"ბახმარო “მრავალ მთიანი” კურორტია. და ერთერთ უხილავ გორაზე, უხილავმა სამმა ადამიანმა პაატარა ფარატინა პლაკატი რომ აიტანა და ზემოდან ნიუსი მიაყოლა, ამით სურთ შექმნან სურათი, თითქოს სრულიად ერის სურვილს ვაჟღერებთო.

ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით ნამდვილად და დიდი სიყვარულით გვხვდებოდა ხალხი. ოპოზიციის წარმომადგენლები კი დავინახე მინელებულ რეჟიმში და როგორც კი ნახეს, გურულებში შესაბამის მუხტს ვერ აწევდნენ, ისევე მინელებულები მიიმალნენ.

გახარიასთან დაკავშირებით კი, მინდა გითხრათ, ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ექვსივე შეხვედრაზე მთხოვეს, გადამეცა, არ წავიდესო.

ჰოდა, ამ პლაკატების გამოკვრას ხალხს რომ დაელაპარაკოთ, არ ჯობია? როგორ იგივე შეცდომებს უშვებთ, რამაც ესე გაგაუფასურათ" - დაწერა წილოსანმა, ცოტა ხანში კი, მისი პოსტის კრიტიკოსებს "კასტა" უწოდა.

"აღშფოთდა კასტა, აბა, თქვენ იცით, იმუშავეთ მთელი ღამე" - დაწერა ქართული ოცნების დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ორი თვეა, სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ, შს მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის აქციის ძალადობრივ დაშლაზე და გადადგეს.

კომენტარები