ტიმოთესუბნის ტაძარი

ტიმოთესუბნის ტაძრის არქიმანდრიტი: მემკვიდრეობის სააგენტოსგან ასეთი იმპერიული ტონი მიკვირს

ტვ.იმედი

ტიმოთესუბნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის არქიმანდრიტი იორომიელი ამბობს, რომ ტაძარში არანაირი ჩაშენება და დაზიანება არ მომხდარა. მისი თქმით, არ მოეწონა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს "იმპერიული ტონი", როდესაც თქვეს, რომ მონასტერში დამონტაჟებული სათავსო დასაშლელია.

"არანაირი ჩაშენება, არანაირი დაზიანება არ მომხდარა. პლუს, დაშავებული და ჩამონგრეული კედელი დაიფარა კიდეც, გარდა იმისა, რომ მიიღო თავისი ფუნქციური დატვირთვა. ძალიან კარგი პროფესიონალები არიან [სააგენტოში], მაღალი კვალიფიკაციის. აქ ბევრი რამე გაკეთდა და თანამონაწილეები ვიყავით ამ ყველაფრის. მაგათგან მიკვირს უბრალოდ ასეთი იმპერატიული ტონით ამისი თქმა, რომ აი, ახლა უნდა ჩამოვიდეთ. მაგალითად, მე არ მჯერა ბოლომდე, რომ ეს სიტყვები მაგათია, რომ სამღვდელოებასთან ერთად, რომ თითქოს ბერებს ვაიძულოთ, რაღაცა დაშალონ" - ამბობს მონასტრის წინამძღოლი.  

სოფელ ტიმოთესუბნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში კარადის ჩაშენებაზე ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 18 აგვისტოს გაავრცელა. 

სააგენტოს ინფორმაციით, სათავსოს აშენება საზოგადოების რიგითი წევრების მხრიდან მოხდა და ამის შესახებ ინფორმაცია ეპარქიასა ან საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა.

სააგენტოს წარმომადგენლები მონასტერში დღეს, 20 აგვისტოს უნდა ჩავიდნენ. მათი თქმით, შეისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხს და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ.

კომენტარები