რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

სალია: გავათავისუფლეთ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ბრიფინგზე თქვა, რომ ნოდარ მელაძის, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანის და სხვა ჟურნალისტების ტელეკომპანიიდან გათავისუფლების მიზეზი ინტერესთა კონფლიქტია. 

"გადაწყვეტილება ნოდარ მელაძესთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ამჟამად შვებულებაში იმყოფებიან, მაგრამ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი. 

ინტერესთა კონფლიქტი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი შეფასებით და ჩვენ ვამზადებთ ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო სარჩელს - ჩვენი შეფასებით დადებულია თვალთმაქცური გარიგებები სარეკლამო კომპანიებთან, ამ შემთხვევაში ინტერმედია პლუსთან. აქ საუბარია 2015 წლის პერიოდზე და სხვა პერიოდებიც შესწავლის პროცესშია - როდესაც უნდა მიეღო მოგება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, ეს მოგება მოხდა სხვა კომპანიაში, სხვა კომპანიიდან იყო ეს ფულის გატანილი ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ და შემდეგ დარიგებული სხვადასხვა პირებისთვის არ ვიცი, საჩუქრის სახით, არ ვიცი, სხვა სახით, რის შედეგადაც შეძენილ იქნა გარკვეული უძრავი ქონება პრესტიჟულ სახლებში. 

აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში, როცა გარკვეულწილად, არხზე მომუშავე ჟურნალისტები თვლიან, რომ ბრძოლის რეჟიმში არიან ჩვენთან, მესაკუთრესთან და მენეჯმენტთან და ისეთ ვითარებაში, როცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც, ჩვენი აზრით, დავალებული არიან სხვასთან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან ამ არხის ერთგული და ჩვენი ამოცანაა, ეს გუნდი იყოს ერთიანი, ძლიერი, კრიტიკული და თქვენ ამაში მალე დარწმუნდებით", - თქვა სალიამ. 

სალიამ თქვა, რომ ისინი გათავისუფლებული ადამიანების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ შესაბამისად, მისთვის წარმოუდგენელია იმ ადამანების წინააღმდეგ დავა, რომლებიც თან მისი თანამშრომლები არიან. 

სალიასვე თქმით, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნება. 

"ჩვენ სულ ვსაუბრობთ, რომ ვიღაც არის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი. არხზე მუშაობს ძალიან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დარჩებიან და გააგრძელებენ მუშაობას, როგორც ჟურნალისტები არხზე, მათ საქმიანობაში არავინ ჩარევას არ აპირებს, ამაში თვითონ დარწმუნდებიან. 

მე არ მჯერა, რომ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს რამის გარანტი, თქვენი პროფესიონალიზმის, დამოუკიდებლობის და სიტყვის თავისუფლების გარანტი ხართ თქვენ თვითონ. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ვინმე გავიწროებთ, ვინმე დავალებას გაძლევთ, ვერავინ დაგასწრებთ კამერასთან მოსვლას, გუნდურად, ჯგუფურად გადაწყვეტილების მიღებას და ა.შ. ჩვენი მიზანია, არხმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, კურიერმა შეინარჩუნოს ის სიმწვავე და კრიტიკულობა, რაც აქვს და ვიყოთ მეტად კრიტიკულები, ოღონდ კრიტიკა აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, რაც კრიტიკის ობიექტს არ გაუწევს დათვურ სამსახურს, რაც ხშირად ხდება დაუსაბუთებელი კრიტიკის შემთხვევაში", - თქვა პაატა სალიამ ბრიფინგზე. 

რუსთავი 2-დან ჟურნალისტები დღეს, 20 აგვისტოს გაათავისუფლეს

პაატა სალია რუსთავი 2-ის დირექტორის პოსტს 18 ივლისიდან იკავებს. ამ დღეს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები